"მოქცევაი ქართლისაი" წმინდა ნინოს შესახებ
12:10:25     01-06-2011
1 ივნისს ქართველი ერი აღნიშნავს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების თარიღს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართველი ხალხისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის, რადგან წმინდა ნინოს საქართველოში მოციქულობამ განსაზღვრა ჩვენი მთელი შემდგომი ისტორია და ახლაც დიდად განსაზღვრავს ჩვენს ეროვნებას, სახელმწიფოებრიობას და მომავალს.
წმინდა ნინოს ქართულ ცნობიერებაში დიდი ადგილი უკავია. მას არა ერთი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა ქართველმა ხალხმა. წმინდა ნინოს ცხოვრების აღწერა, როგორც არკვევენ მეცნიერები, მისი გარდაცვალებიდან სულ მალე უნდა დაეწყოთ მოციქულთა სწორის თანამედროვეებს (IV საუკუნე). შემდგომ გადამუშავებული სახით შევიდა "ქართლის ცხოვრებაში".
მოკლედ წმინდა ნინოს შესახებ მოგვითხრობს "მოქცევაი ქართლისაი". "მოქცევაი ქართლისაი" ქართული ისტორიოგრაფიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. გარდა ამისა, ეს არის ძველი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი. ეს ნაწარმოები "შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირთა მიერ შეთხზული, ზეპირი თუ წერილობითი გზით მოღწეული ისტორიული, ლეგენდური და ლიტერატურული ეპიზოდებისგან... ფაქტიურად IX საუკუნე ამ ეპიზოდთა ლიტერატურული გამთლიანების თარიღია, ცალკეული მონაკვეთები კი გაცილებით ადრე ჩანს შეთხზული. მაგალითად, საკმაოდაა გავრცელებული აზრი, რომ თხზულების პირველი ნაწილი VII საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა." ("ქართული მწერლობა", ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, გვ. 173, თბილისი 1984).
მეტიც, ქართულ მეცნიერებაში "გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ VII ს. შუა ხანები "მოქცევაი ქართლისაის" შექმნის კი არა, არამედ მისი ერთ-ერთი რედაქტირების დროა, მტკიცე საფუძველს იძენს: V საუკუნის მიწურულისათვის აღნიშნული ძეგლის არსებობა ფაქტია" (ჩხარტიშვილი მ. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები / "ცხორებაი წმიდისა ნინოისი", თბილისი 1987 წ.).
მოკლედ, "მოქცევაი ქართლისაი" ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლია ჩვენი. დღეს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაულის აღსანიშნავად პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობ ნაწყვეტს "მოქცევაი ქართლისაი"-იდან, სადაც მოკლედ მოთხრობილია წმინდა ნინოს მოსვლა საქართველოში, ქართლის გაქრისტიანება და მოციქულთასწორის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბები.
ჩვენს წინაშეა მოკლე მოთხრობა წმინდა ნინოს ცხოვრებისა და ქართლის გაქრისტიანებისა, გადმოცემული ქართული ენის, მარტივი და შესანიშნავი ოსტატობით. ამ ნაწყვეტის წაკითხვით პირდაპირ დატკბება კაცი, იმდენად შთამბეჭდავი და ცხადია თხრობა, ისეთი მხატვრული შედარებები და ხატოვანი გადმოცემებია გამოყენებული, ისეთი ექსპრესიაა. მაგალითად: "მაშინ შეიძრნეს ორნი ესე ქალაქნი -- მცხეთაი და უჟარმაი -- და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათვის. დამოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასა კხოეთისასა."
ტექსტში იოტა, ვიე, ეი, ხარი შევცვალე ინით, ვინ-ინით, ენ-ინით და ხანით, ვინაიდან ჩვენი საიტის ტექნიკური შესაძლებლობა არ იძლეოდა სხვა საშუალებას. ფრჩხილებში ჩასმული ასოები არის აღდგენილი გამომცემლების მიერ. გადმობეჭდილია შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემის ელექტრონული ვერსიიდან.
ტექსტი:
და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა, იყო ღუაწლი ბრძოლისაი მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაისსა. და გულ-გდებულ იყო ურვათაგან კოსტანტი კეისარი.
იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: "ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვის-ცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაი, ძელითა ჯუარისაითადა მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად".
მას ჟამსა აღიძრა მეფეი გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალეიმით, ანტიოქიაით, ჰრომით და ალექსანდრიაით და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.
მით ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალეიმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა. და მეათოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისა-მე მიზეზისათვისდედა-მძუძითურთ.
და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმეი მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან. და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თვით მოევლო გზაი თვისი და ექმნნეს კურნებანი. დამოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.
და ვითარცა წარმოივლტოდა რი(ფ)სიმე ზღუად, გაი(ა)ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით(ი)სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტვილნეს მუნ.
ხოლო ნინო დაშთა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოისათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა და მოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელ ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაიითა.
და შექმნა სახეი ჯუარისაი, ნასხლევისაი და მუნ დაადგრა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლომან მაყუალთა ადგილი არს ზემოისა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. (დ)ა მეოთხესა წელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: "და (მე) ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოისა ესე ქუეყანაი". და მეექუსესა წელსა არწმუნა (ცოლსა) მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშვიდესა წელსა მეფესა არწმუნა სა(ს)წაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესიაი ქუემო(ი) სამოთხესა შინა. და სუეტი იგი იყო ძელისაი, რომელი თვით აღემართა.
და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაი, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოისი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.
და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაი და ხატი მაცხოვრისაი და ძელი ცხორებისაი ნინოისთვის.
და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხეი, რაითა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც(უ)საზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცვიოდა. და სულჰამოი იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცვი შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თვისი რევ და მთავ(ა)რ-დიაკ(ო)ნი, იხილეს შუენიერად დგომაი ხისაი მის. ხოლო ფურცლოოდა ჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუხლსა დავითისსა, ვითარმედ: "ესე ხე არს დანერგული თანა წარს(ა)ვ(ა)ლსა კლდის(ა)სა ზეგარდამო(ი)თაცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ უკუნისამდე".
და უბრძანა ხუროთა მოკუეთაი ხისაი მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავა მთავ(ა)რ-დიაკონმან, სამ გუამად შექმნნეს ხისა მის ტანის(ა)გან სამნი ჯუარნი და აღმართნეს მცხეთას, (ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევის(ა)სა, გრიგ(ო)ლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთი ჯუარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარის(ა)სა, რომელსა ჰ(რ)ქვიან თხოთისა, და ერთი-იგი -- მახლობელად პატიოსნისა ჯუარისა-ვე.
და წარავლინნა მირიან მეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცნა მეფემან და წარმოვიდეს ერუშეთს. და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა(ი). და დაუტევეს ფერხთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი და წარმოვიდეს მანგლისს და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა და დაუტევნეს სამსჭუალნი და ესრეთ მოვიდეს მცხეთად.
და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და ვითარცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკუელი პირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტივნეს მუნ სასურვ(ე)ლნი იგი ფიც(ა)(ვ)რნი და სამსჭუალნი, აღივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწ(ა)ვა მთავარ ებისკოპოსისაგ(ა)ნ, ვითარმედ: "შენ თანა არს ამ(ა)ს ქალაქსა შინა სამოს(ე)ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ(ა)მო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ(ა)ს ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილი-ცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრ(ე)თვე ხალენი ელია(ი)სი აქ-ვე დამარხულ არს.
და აღივსო სიხარულითა მეფე და მყის მოხადნ(ა) ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ: "ნამდვილვე?" და მათ აუარეს მართ(ა)ლი და არა უარ-ყვ(ე)ს. და თქუეს, ვითარმედ: "აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთ(ე)ლი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ". და კუართისა მის თქუეს წილით ხუედრებაი ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს. მაშინ განმხიარ(უ)ლდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა, ვითარმედ: "პირველ მოწევნ(უ)ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალეიმით მცხეთად". მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხორებაი ჩუენი და ხსნაი ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა, ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალეიმით უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად, რამეთუ ჯუარ-ცუმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი".
და წარემართა მეფეი დაყოველი ქართლი ქრისტეანობასა მოწრაფებითა დიდითა.
მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისი, რომელმან მოავლინა სიტყუაი წმიდაი მისი ცათა მაღალთაით თვით ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად უეჭუელად შობად ხორციელად თესლისაგან დავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოისა, რომელი სათნო-ეყო მას და ამით მიზეზითა ცხორებაი ჩუენი შექმნა და ყოველი ცასა ქუეშე მყოფი განანათლა და უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნნა, რამეთუ იშვა ვითარცა კაცი, პატივ-ეცა ვითარცა ღმერთსა, ნათელ-იღო ვითარცა მსახურმან ვინმე შჯულისამან წყლისა და მიწისაგან, ხოლო მამით და სულით წმიდით ზეგარდამო იწამა და იდიდა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა, ახდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არს დიდებითა, რომელსა შუენის გალობაი ამენითა".
და ვითარცა ესე თქუა, წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაი ქრისტეისი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედ წარჰმართა მახვილი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად. და გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაისკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.
და ნინო შთავიდა კხოეთა და დადგა კაწარეთს და მონათლნა კხოელნი და სოჯნი ერითურთ მათით.
და გარდავიდა კახეთად და დადგა ქცელ-დაბას. და მოიყვანნა კახნი მთავარნი და მონათლნა.
და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქვიან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძეი მეფისაი, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ და მიუვლინეს მცხეთით მეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარებისკოპოსი ხილვად და წარყვანებად. ხოლო მან არა ინება, არამედ დაჰვედრა იაკობ მღდელი: "რაითა შემდგომად შენსამან დაიპყრას საყდარი".
და მის წინაშე მისცა წიგნი იგი ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელი მოეწერა ნინოისა, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისაი წარმოეცა დედოფლისა ნანაისა. და შეწირა ჟამი იოვანე, და აზიარა ნინო ხორცსა და სისხლსა ქრისტეისსა. და წარიღო ესე საგზლად სულისა.
და შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა ქართლად მოსლვითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღლებითგან ტლეი" წელსა, დასაბამითგან ჭყლეი" წელსა.
მაშინ შეიძრნეს ორნი ესე ქალაქნი -- მცხეთაი და უჟარმაი -- და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათვის. დამოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასა კხოეთისასა. და წარვიდა მირეან მეფეი და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფეი და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოით კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაი. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფეი დამარხულ იყო.