"ჩემი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის გადაწყვეტილებაში, ირმა ინაშვილი ჩაერია"

  13:55:04     22-03-2018

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას 15 დეპუტატი ითხოვს.

განცხადება, რომელსაც 13 „ქართული ოცნების“ და ორი „პარტიორტთა ალიანსის“ წევრი აწერს ხელს, უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 მარტს არის ჩანიშნული.

​როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში ირმა ინაშვილი ჩაერია.

მისი თქმით, ტატიანა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელი ირმა ინაშვილის მითითებით მოაწერეს.

ჩაჩანიძის ინფორმაციით, ირმა ინაშვილის მხრიდან ჩარევა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოში უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ მოუმატა:

„შემოიტანეს განცხადება, ნოტარიულად დამოწმებული. 15 კაცი აწერს ხელს. ერთია ინაშვილის მონა – მარტინენკო და მეორე - ლურსმანაშვილი. ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. "ოცნება" ჩემი მოსვლის დღიდან ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ ინაშვილი მაინც მეგონა, რომ ჭკუას მოეგებოდა, თუმცა, ხომ უნდა გამოაშკარავდეს ბოლობოლო, ვინ რას თამაშობს?  ჩვენი გუნდის წევრებმა ვიცოდით, რომ ბრძოლა იქნებოდა და ამისთვის მზად ვართ.“

გიორგი ფერაძე ერთერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც, ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით, განცხადებას ხელი მოაწერა:
„ყველა თანხმდება, რომ ზაზა ჩაჩანიძე არის პიროვნება, რომელსაც ჩიხში შეჰყავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, კაცი, რომელიც არ ფიქრობს ბორჯომის უკეთეს მომავალზე და გამოირჩევა ვიწრო, მერკანტილური აზროვნებით. შესაბამისად, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს აქვს განსაკუთრებული პროტესტი“ .

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან სოციალურ ქსელში იმ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც დღეს საკრებულოში შევიდა. გიორგი გიუაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ  ირმა ინაშვილმა, ხელფასების საკითხზე კი არა, თავისივე პარტიის სახელით გასული საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მოაწერინა ხელი თავისივე დეპუტატებს.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ირმა ინაშვილმა მოაწერინა ხელი ორ თავის დეპუტატს და ხელფასების მატების კი არა, იმპიჩმენტის საკითხზეა საუბარი. განცხადება შემოიტანეს დღეს საკრებულოში. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ვუპასუხებთ ამ რეაქციას“.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. გადაწყვეტილებას 28 დეპუტატიდან  მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

ცნობილია, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, ანუ საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 კი “ქართული ოცნების“.

რაც შეეხება თავად საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, იგი  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.