„ეს არის იმ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც ბრძოლით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა“

  13:20:35     16-03-2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. 

აშშ-ს კონგრესში გამართული კონფერენცია "აშშ-საქართველოს პარტნიორობის" საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია ატლანტიკური საბჭოს და NDI -ის ორგანიზებით გაიმართა და მას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვებოდა. 

აღნიშნული ინიციატივა PRESA.GE-სთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეაფასა:

- რამდენად მნიშვნელოვანია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც არსებული რეალობის ფონზე, მან ვაშინგტონის ტრიბუნიდან გააჟღერა?

- მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ დაეხმარება. რაც შეეხება საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტს, როგორც იცით, ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს ძალიან ძლიერი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს მოლაპარაკებები, კეთდება განცხადებები, ვეყრდნობით ამ ძალიან ძლიერ რეზოლუციას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა გაიზარდა, ურთიერთობები ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება მომავალშიც. ჩვენ გვაქვს 25 წლიანი თანამშრომლობის წარსული. 

- იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არსებობს, რამდენად ობიექტური იქნება უმრავლესობის დამოკიდებულება პრეზიდენტის ვიზიტის შინაარსის მიმართ? 

- არ ვიცი რა პასუხის მიღება გსურთ ჩემგან, მაგრამ კომენტარი უკვე გავაკეთე. პრეზიდენტი არის არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, შესაბამისად, როცა ის მართავს ვიზიტს აშშ-სა თუ სხვა ქვეყანაში, ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, როცა აკეთებს განცხადებებს, ან მოლაპარაკებებზე გარკვეულ არგუმენტებს სთავაზობს მხარეებს.

- როგორც ცნობილია, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიანი პროექტის შეჯერებაზე დღემდე ვერ თანხმდება უმრავლესობა და უმცირესობა. ოპოზიცია ხელს თქვენკენ იშვერს. მართლია, რომ არ გსურთ პრინციპული დოკუმენტის მიღება? 

- პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება უმცირესობის მხარდაჭერა, რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს გაიმართება. ეს არის იმ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც ბრძოლით, თავდადებით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ამ კვირაში ვამთავრებთ კონსულტაციებს. პარლამენტი მიიღებს პრინციპულ და ძალიან ძლიერ რეზოლუციას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე, რომელშიც იქნება პრინციპული შეფასებები ამ ფაქტზე. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, ამ რეზოლუციას ექნება როგორც უმცირესობის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერა.