„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი“

  13:16:56     16-03-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, სადაც მან საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა. 

​ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს პენსია 300 ლარი გახდება, ხოლო შემდეგ - 400 ლარი. 

„დასანანია იცოდე, რომ შენს სახელმწიფოში მაღლჩინოსნების ხელფასების ზრდის ფონზე, რომელსაც ალბათ თითოეული თქვენგანი ძალიან დიდი გულისტკივილით ადევნებთ თვალ-ყურს, სახელმწიფოსგან საკუთარი ბედის ანაბარა არის მიტოვებული პენსიონერი. ჩვენ ასევე, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო, თქვენმა ისედაც ძალიან მწირმა პენსიამ თავისი მსყიდველობითუნარიანობა დაკარგა და დღეს თქვენ იმაზე ნაკლებ პენსიას იღებთ, ვიდრე 5 წლის წინ იღებდით. მაგალითად, 5 წლის წინ თუკი თქვენი პენსია დოლარში გამოხატული 90 დოლარს შეადგენდა, 5 წლის თავზე, დღეს თქვენი პენსია შეადგენს 70 დოლარს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით თუკი ვინმეს ძალიან მტკივნეულად დაარტყა ფასების ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ეს ხართ თქვენ- პენსიონერები. ვიცი, რომ შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება გაზრდილ კომუნალურებზე და გაზრდილ ფასებზე. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა რას აკეთებს დღეს ხელისუფლება? რას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“? მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პენსია მნიშვნელოვნად კარგავს მსყიდველობითუნარიანობას, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს, არც კი აპირებს პენსიის მატებას არც ერთი თეთრით. შეგახსენებთ, რომ მთელი 6 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 30 ლარით გაზარდა პენსია და მთელ ეს 30 - ლარიანი ზრდა თავიდან ბოლომდე შეჭამა უკვე ინფლაციამ, ანუ ფასების ზრდამ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, პენსია 11-ჯერ გაიზარდა, კერძოდ, 14 ლარიდან 150 ლარამდე.