რუბენსი - "ბაროკოს მეფე"
12:48:58     31-05-2011
1640 წელს ანტვერპენში გარდაიცვალა დიდი ფლანდრიელი მხატვარი, ბაროკოს მეფედ წოდებული, პეტერ პაულ რუბენსი (Pieter Pauwel Rubens).
მამამისი იან რუბენსი ქალაქ ანტვერპენის მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა. კათოლიკე ესპანელის ჰერცოგ ალბა III მმართველობის დროს (1567-73), რეფორმაციის იდეებისადმი სიმპატიის გამო, იანი კალვინისტი გახლდათ, რეპრესიის შიშით სამშობლოდან გაქცევა მოუწია. თავიდან დასახლებულა კიოლნში, სადაც ის შეიფარა ვილჰელმ I ორანელის ("მდუმარის") მეუღლემ ანა საქსონელმა. ანას და მის ქმარს, სამშობლოდან დევნილს, ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. იანი ციხეში ჩასვეს. თუმცა მერე გამოუშვეს და გააძევეს. გადაასახლეს ნასაუს საჰერცოგოს პატარა ქალაქ ზიგენში, სადაც დაიბადა მისი შვილი, მომავალი გენიოსი პეტერ პაული. ეს უნდა მომხდარიყო 1578 წლის 28 ივნისს.
მამამისის გარდაცვალების მერე, დედამისს მარიამ (გვარად პეიპელინქსი) გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ანტვერპენში. ამის უფლება მისცეს. მარიას შეძლებული ოჯახი ჰყავდა.
მომავალი პოლიტიკოსი და ჰუმანისტი, დიდი გენიოსი სწავლობდა რომბროუტს ვერდონკის ლათინურ სასწავლებელში, სადაც კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა კლასიკური ენები და მითოლოგია, რომელიც მერე თავის შემოქმედებაში გამოხატა. მსახურობდა გრაფინიას პაჟად. ხატვა პატარაობიდან დაიწყო. ხატვას ასწავლიდნენ ანტვერპენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსტატები თობიას ვერგაგტი, ადამ ვან ჰოორტი და ოტო ვან ვეენი. 1598 წელს წმინდა ლუკას გილდიამ ოსტატად აღიარა.
რუბენსის შესახებ აკაკი გელოვანი თავის ესეში "ტიციანი და რუბენსი" წერდა:
"რუბენსი! ბაროკოს მეფე, არტისტული ფერწერის მზე, რომლის გარშემოც ბრუნავს მთელი ფლამანდიური ხელოვნება...
რუბენსის სურათი ხერცშესხმული მისწრაფებაა. მოძრაობა დაძაბულია, მიზანი - უბრალო (ლევკიპოსის ასულთა მოტაცება, ჯვრის აღმართვა, ნადირობანი).
ყოველთვის, როცა რუბენსის სურათებს შევცქერი, ასე მგონია, კი არ დაუხატავს, გამოუწვევია-მეთქი ეს სახეები. ჯანსაღი და სისხლსავსეა არა მარტო დიანები, ვენერები, ფავნები თუ ფლანდრიელი მამაკაცები და მანდილოსნები, არამედ შინაარსიც, იდეაც, მისწრაფებაც, ჰაეროვანი სილაღეც, რითაც ეს სახეები გვხიბლავენ.
1600 წელს 23 წლის მომხიბლავი ჭაბუკი პიეტრო პაოლო (პეტერ პაულ) რუბენსი თავის საყვარელ იტალიაში მიემგზავრება და მთელი რვა წელი რჩება ვენეციაში, მანტუაში, რომში, გენუაში, - ოღონდ არა იმისთვის, რომ იტალიელ მხატვრად იქცეს... აქ განაგრძობს სწავლას. სწავლობს ანტიკას, კარაჩისა და კარავაჯოს ნოვატორულ ხელოვნებას, ტიციანს. პირველი სერიოზული ნაშრომი "ფერისცვალება" რაფაელის ვარიაციაა (1604).
მალე ერთ-ერთი ეკლესიის დაკვეთით ქმნის ტილოს "წმინდა გიორგი მადონას წინაშე", რაც პირველად არ მიიღეს. ოსტატს მეორედ მოუხდა დახატვა. ამ დროს მოდის ცნობა: ანტვერპენში დედა უკანასკნელ წუთებშიაო. რუბენსი დაუყოვნებლივ მიდის და აღარასოდეს ბრუნდება იტალიაში. მისი "წმინდა გიორგი" უკვე დედის სამარის სამკაულად იქცა.
1610-1614 წლებში შექმნა "ჯვრის აღმართვა" და "გარდამოხსნა" (ანტვერპენის ტაძარი), რის შემდეგაც ახალი თავისებური სტილის დიდოსტატად აღიარეს.
იტალიაში ყოფნის წლებში რუბენსმა ყველა ძველი და ახალი ფერმწერის ქმნილებები შეისწავლა, განსაკუთრებით კი მაინც ტიციანს სწავლობდა. თან მის ასლებს იღებდა. მრავალი წლის შემდეგაც მადრიდის ესკორიალში ისევ ისე შეჰხაროდა რაფაელისა და ტიციანის ტილოებს, რომელთა რიცხვი და სრულყოფა განაცვიფრებდა. ყველაზე საგრძნობი მაინც ტიციანის ზეგავლენაა.
1610-იან წლებში შექმნა ბრწყინვალე ტილოები მითოლოგიურ სიუჟეტებზე: "მთვარე სილენოსი", "ბაქკანალია", "ლევკიპოსის ქალიშვილების გატაცება" - ადამიანის ძალისა და მშვენიერების ტრიუმფი.
რა იყო ახალი რუბენსისი შემოქმედებაში? გამოსახულების ძალა, სიცოცხლის აღიარება, დინამიკურობა, გმირული სულისკვეთება, ქალის სილამაზისა და კაცის ძლიერების ჰიმნი. ხდება რაღაც იმდაგვარი, რაც იტალიაში მოახდინეს აღორძინების ტიტანებმა: ადამიანის ხელახალი აღმოჩენა, თამამი და სიცოცხლით სავსე ადამიანისა, რომელსაც ესპანეთის ულმობელ ტირანთა პარპაშის ჟამს ჩაგრულ მცირე ერს თავისუფლებისკენ მოუწოდებდა. მისი უზარმაზარი სახელოსნო იქცა შტაბად, სადაც თავს იყრიდა ქვეყნის ყველა პროგრესული ძალა (ვან დეიკი, სნეიდერსი, იორდანსი, ფაიდერბი...).
ამ დროს უკვე გვერდს უმშვენებს ანტვერპენის მდივნის ასული, იზაბელა ბრანტი, რომელიც 1609 წელს შეირთო (ეს იყო პირველი მეუღლე. გ. მ.). პირმშვენიერი და ძალუმი ფიზიკური ღონით მომადლებული, განსწავლული და ევროპის პირველ მხატვრად აღიარებული ოსტატი საკუთარი პროექტით გადაკეთებულ სახლში იწყებს ცხოვრებას. ქებული ხელოვანი, მეცნიერი, ელჩი, მეცენატი ხშირად ჩადის ხოლმე დიპლომატიური მისიით მადრიდში, ლონდონში, პარიზში, და ყველგან დიდების შარავანდედითაა მოსილი, ყველგან იცავს მშობლიური ნიდერლანდების უფლებას. ამავე იდეას ემსახურება ტილოებით "მუციუს სცევოლა პორსენას წინაშე", "დეციუს მუსი", "ომი და მშვიდობა", "ომის საშინელებანი"...
მადრიდში ახალი კუთხით სწავლობს ტიციანს. ახლა მისთვის მთავარია ღრმა შინაარსი და ფერწერული მშვენიერება. ახლებურად ესმის ტიციანიც.
რუბენსმა ერთხელ და სამუდამოდ შეისისხლხორცა ტიციანის ნეთელი კოლორიტი, სურათის ელვარება, სიცოცხლის სისავსე, საღებავთა სიმფონია.
გოეთე ეკერმანთან საუბარში ვრცლად ლაპარაკობს დიდ ხელოვანთა იმ პიროვნულ ძალაზე, რაც სურათში ასახულ მიწას, კლდეს, ტყეს, ღრუბლებს მათი საკუთარი თვალთახედვით წარმოგვიდგენს და ასევე გვამაღლებს ხოლმე. ასეთი განცდა გეუფლება, როცა შევცქერით ტიციანის, ვერონეზეს და რუბენსის პეიზაჟებსო. ჩანს, რაღაც საერთო ნახა ამ ხელოვანთა ქმნილებაში.
ნახა და არის კიდევაც. უთვალავი მითოლოგიური და ალეგორიული, საეკლესიო და საერო, ისტორიული და ყოფითი სურათი, უნივერსალური სიღრმე და განი, ზოგადი განათლება და განსწავლულობა, ადამიანის ბუნების ჰარმონიულ მთლიანობაში წარმოდგენის უნარი, ცისა და მიწის კავშირის გრძნობა, ნათელი ჰუმანიზმი, სიცოცხლის მშვენიერებისა და გრძნობიერების აპოთეოზი, სივრცის, შუქის, ჰაერისა და ფერის ერთიანობა, - აი, რამდენი რამ აქვთ საერთო ტიციანსა და რუბენსს.
რუბენსი უფრო დეკორატიულია. მეტად თავლსაჩინო ადგილი უჭირავს მის ზღვა ქმნილებაში არქიტექტურულ სამკაულებს, ნიშებს, ქანდაკებებს, ყვავილწნულებს, ვარაყიან ჩარჩოებს, ამურებს და ა. შ.
ხელოვნების ისტორიაში დარჩა ტიციანის უთვალავი სურათი და რუბენსის სახელთან დაკავშირებული 2000-3000 სურათი (უშუალოდ რუბენსის ხელით შესრულებულ სურათთა რიცხვია 500-600, ეს ცნობილია).
ვენეციელმა ტიტანმა ტიციანმა რენესანსის ჩირაღდნით საუკუნეები გაანათა. ბაროკოს ბუმბერაზმა რუბენსმა ფერწერის ისტორიაში ახალი ეპოქა შექმნა. ის თვით იყო ახალი ეპოქა.
იყო დრო, როცა რუბენსს მზე ეხმარებოდა - საღებავს აშრობდა, ქარი კი უშლიდა - სველ ნახატს მტვერს აყრიდა... რომელიმე ფილიპე II (ესპანეთის მეფე. გ. მ.) ხალისით იღებდა ტიციანის სურათებს და უხალისოდ ან სულაც არ იხდიდა გასამრჯელოს... დღეს ის სურათები აღარ იყიდება.
უსამართლო ბედისწერა ბედის რჩეულთაც არ ინდობს, შურით შესცქერის ხოლმე ოსტატთა ბედნიერებას და სიამის ბადაგში ბალღამს ურევს. ოცდახუთდღიანმა ღვართქაფმა რომ სურათები წაუხდინა გზაში, ეს კიდევ არაფერი. უარესი ის იყო, რომ ნიდერლანდებში რეაქციამ გაიმარჯვა. უკანასკნელი ათეული წელიწადი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა მხატვარმა თავის სახელოსნოში გაატარა, მრავალრიცხოვანი მოწაფეები ეხმარებოდნენ დიდი ჩანაფიქრის განხორციელებაში.
მძიმა ჯაფამ მძიმე სნეულება იცის. დიდოსტატი ლოგინად ჩავარდა. 1640 წლის მაისია და რუბენსი მზეს ეთხოვება.
... მშვენიერი ელენე ფოურმენი (მეორე მეუღლე. გ. მ.) ესპანეთის ელჩმა შეირთო.
* * *
ტიციანი და რუბენსი თითქოს ერთი ტიტანური კლდიდან გამოკვეთილი ორი ბუმბერაზია. ბევრი რამ აქვთ მათ საერთო და, რაც მთავარია, დიდი სიყვარული - სიცოცხლით სავსე ადემიანის, თავისუფლების, ჭეშმარიტი ხელოვნების მგზნებარე სიყვარული."