ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის თემაზე კონსულტაციები 2 დღეა არ გამართულა

  16:44:14     15-03-2018

​არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის თემაზე კონსულტაციები 2 დღეა არ გამართულა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის მიღების საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ისევ მოლაპარაკების  მოლოდინის რეჟიმშია.

„ჩვენ ხელისუფლებისთვის მოწოდებული გვაქვს ჩვენი ვერსია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით. ველით, რომ კვირის ბოლოს კონსულტაციები გაიმართება. ჩვენი ამოცანაა, სესიაზე ძლიერი, ერთიანი რეზოლუცია მივიღოთ, რომელიც აუცილებლად მოიცავს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის საკითხს“, - განაცხადა, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, მეორე დღეა, არ გამართულა. 
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციისა და უმრავლესობის კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება, ხოლო რეზოლუციას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მიიღებს. 

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციების ნაწილი,  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია.