ქარდავა: ოლიგარქიის დამარცხება უნდა დაიწყოს ოპოზიციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით

  15:55:00     12-03-2018

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მმართველ გუნდში კი, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია. 

რა ხდება ოპოზიციაში? შესაძლოა თუ არა, ოპოზიციის გაერთიენება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და კონკრეტულად, რომელი პარტიები უნდა გაერთიენდნენ?

„პრესა.ჯი“ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას დაუკავშირდა. 

„პრესა.ჯი“: უნდა გაერთიანდნენ თუ არა, ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? 

ბაჩუკი ქარდავა: მაშინ როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად, ნადგურდება, როდესაც ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, ამ ვითარებაში, ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლოს. 

თუმცა, ქართულ ოპოზიციას, ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა დასჩემდა - მეორე-მესამე ადგილისთვის იბრძვის. 

მგონი დადგა დრო, როდესაც ოპოზიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოახდინოს ძალების კონსოლიდირება და რესურსების თავმოყრა, რათა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოხდეს დღევანდელი ხელისუფლების ცვლილება. 

ოლიგარქიის დამარცხება უნდა დაიწყოს 2018-ში, ოპოზიციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით და  დასრულდეს 2020-ში. 

ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დეტალური მსჯელობები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში. ვნახოთ რა შედეგამდე მიგვიყვანს არსებული ვითარება. 

მოგეხსენებათ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა, ოპოზიციის უდიდეს ნაწილს შეგნებული აქვს რომ ერთიანი პოზიციით, არჩევნებში გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

- კონკრეტულად, რომელი პარტიები უნდა გაერთიანდნენ? 

- დღეს, ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მაგალითად ლიდერთა საბჭო, პროდასავლური პარტიების გერკვეული თანამშრომლების ფორმატი და ა.შ. 

თითქმის ყველა ფორმატში, რამე თუ არსებობს ოპოზიციური, იქნება ეს პოლიტიკური საკითხები თუ საარჩევნო საკითხები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

ოპოზიციის თითქმის სრული სპექტრი არის ამ პროცესში ჩართული, ამიტომ ერთი და ორი პარტიის გამოყოფა გამიჭირდება და სწორიც არ იქნება. 

- რა პრინციპით უნდა შეჯერდნენ ოპოზიციური პარტიები ერთ კონკრეტულ კანდიდატზე? 

- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები. ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

იმსხვრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც ძალიან მალე  ცუდად დასრულდება ქართული სახელმწიფოსათვის. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი. 

ამიტომ, ამოცანა უნდა იყოს სახელისუფლებო სისტემის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში და ინსტიტუტებში დაბრუნება, რასაც პირობითად, შესაძლოა, ოლიგარქიის დამარცხება ვუწოდოთ. 

მეორე არის ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები, აქ უკვე მნიშვნელოვანია პარტიებს შორის ხედვების თანხვედრა, რაც საკმაოდ მძიმე სამუშაოა.