გუგული მაღრაძე: მოსამართლეებს თვითგაწმენდის საშუალება უნდა მივცეთ

  14:09:48     09-03-2018

მას შემდეგ, რაც არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის მოწოდება იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე, გაჩნდა ახალი ინიციატივა, რომ იმ მოსამართლეებს, ვინც გასაუბრების გავლა ვერ შეძლეს, ხელახლა მიეცეთ დანიშვნის შესაძლებლობა.

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძეს ესაუბრა:

- სასამართლო სისტემის რეფორმის მიმდინარეობას  ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. რას ფიქრობთ იუსტიციის საბჭოს მორიგ ინიციატივაზე, რომ იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც გასაუბრება ვერ გაიარეს, კიდევ ერთხელ მიეცეთ საშუალება უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა?

- გამოძახილი, რაც ჰქონდა იუსტიციის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებს, მიმაჩნია, რომ მართებულია და საზოგადოების წინაშე მეტ გამჭვირვალეობაზე მიუთითებს, თუმცა, მიუღებლად მიმაჩნია, როცა იუსტიციის საბჭოს რომელიმე სხდომა იხურება პრეტენდენტის მოთხოვნით. სასამართლო სისტემაში რაც არ უნდა რეფორმა გავატაროთ, თუკი არ იქნება მოსამართლე, რომელსაც საზოგადოება ენდობა, სასამართლო რეფორმა განხორციელებულად ვერ ჩაითვლება.

- საზოგადოებამ ნახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წლებში გახმაურებული საქმეების მოსამართლეები აირჩიეს უვადო მოსამართლეთა შორის. არ არის ეს არასამართლიანობის მიზეზი? 

- როგორ შეიძლება ამის შემდეგ რაიმე სანდოობაზე ვილაპარაკოთ. იმის თქმა, რომ კიდევ მივცეთ საშუალება და როგორმე იუსტიციის საბჭომ მოახერხოს, რომ სანამ თვითონ არის, მანამდე ყველა დანიშნოს  უვადო მოსამართლედ, ვინც თვითონ უნდათ, ვფიქრობ, პირიქით უნდა მოხდეს. უვადო მოსამართლეების შესახებ ჩვენ უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს. მე იმის თქმაც შემიძლია, რომ მოსამართლე  უვადოდ საყოველთაო კონსესუსით უნდა იქნას დანიშნული. ანუ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს კანდიდატს, რათა მას უფლება ჰქონდეს იყოს უვადო მოსამართლე. შეიძლება ასეთი ადამიანები ცოტაა, მაგრამ სწორედაც ისეთები უნდა იყვნენ, რომ ნდობით სარგებლობდნენ. უვადოდ დანიშვნა ყველა ქვეყანაში უმაღლესი მოთხოვნაა მოსამართლის მიმართ და მხოლოდ ავტორიტეტის და ნდობის შემთხვევაში ინიშნება. ჩვენ ისიც არ ვიცით, დახურულ სხდომაზე ვის რას ეკითხებიან და რა პასუხებს აძლევს, ისიც არ ვიცით ვიღაცა ვიღაცას ხმას რატომ აძლევს. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამკაცრდეს კრიტერიუმები ისე, რომ მხოლოდ ღირსეული კანდიდატები მოხვდნენ უვადო მოსამართლეების რანგში.

- კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეთა გამოწვევის მექანიზმი არ არსებობს. სხვა შემთხვევებში, ფიქრობთ რომ უნდა იყოს ასეთი მექანიზმი გამოყენებული?

- რა თქმა უნდა! ორი წლის წინ  ბუკიკიოსთან ნახევარ საათიანი კამათი მქონდა და ჯერ კიდევ მაშინ ვამტკიცებდი, რომ ჩვენს სიტუაციაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ცოტა არ იყოს ნაადრევია ჩვენი მოსამართლეების ბეგრაუნდის გათვალისწინებით. შევარდნაძის დროს სასამართლო სისტემა ნამდვილად კორუფცია იყო, მიხეილ სააკაშვილის დროს სასამართლო ნოტარიუსი იყო, რასაც იტყოდა რამდენიმე კაცი, ისეთი უნდა ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება. 

ჩვენ შემთხვევაში, მოსამართლეებზე სახელისუფლებო წნეხი ნამდვილად არ არის, მაგრამ მათ თვითგაწმენდის საშუალება უნდა მივცეთ. მოსამართლეებმა წლების განმავლობაში უნდა დაამტკიცონ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე პირობებში, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როგორ ქცევებს განახორციელებენ და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება მათი უვადოდ დანიშვნა. მე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს მექანიზმები, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს გამოასწოროს ის შეცდომა, რომელიც შეიძლება დაშვებული იქნას მოსამართლის უვადოდ დანიშვნის დროს.