ესპანეთში ქალთა დღეს ქალები გაიფიცნენ

  13:53:42     08-03-2018

BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა საერთაშორისო დღე ქალების მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნება.

აქციების ფარგლებში ათამდე პროფკავშირი გაიფიცა, მათ შორის მადრიდის ატოჩას სადგურის თანამშრომლებიც.

პროტესტის ნიშნად ესპანეთის ტერიტორიაზე 300-მდე მატარებელი 24 საათის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს.

მადრიდში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიმართება, მსახიობი პენელოპა კრუსიც შეუერთდება. კრუსის გზავნილია შეწყდეს ძალადობა ოჯახში, რომელიც ესპანეთის რეგიონებში დღესაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ესპანეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ პრობლემად სამსახურში ყოველთვიურ ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით განსაზღვრულ სხვაობას ასახელებენ.