ნინო ბოლქვაძე: ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი აღიარებაა

  13:47:12     07-03-2018

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, 15 საათზე ქალთა მოძრაობა იუსტიციის სახლთან აქციას გამართავს, რასაც ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას მიუძღვნიან.

დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“  რესპუბლიკური პარტიის ყოფილ სადებუტატო კანდიდატს და უფლებადამცველს, ნინო ბოლქვაძეს  ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: რა ძირითადი მოთხოვნები აქვთ ტრანსგენდერ ადამიანებს?


ნინო ბოლქვაძე: აქცია 8 მარტს იუსტიციის სახლთან არის დაანონსებული, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის  მათი სამართლებრივი აღიარება.

ჩვენი სასამართლო პრაქტიკა არ აძლევს საშუალებას ტრანსგენდერ ადამიანებს შესაძლებლობას, რომ  ჩანაწერი შეცვალონ თავიანთი გენდერული იდენტობის მიხედვით,  ამისთვის სასამართლო აკეთებს ადამიანების უფლებების  საწინააღმდეგო ინტერპრეტაციას.

ქალთა მოძრაობა ითხოვს,  სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

ჩვენ გასჩივრებული გვაქვს რამდენიმე საქმე, ორი მათგანი არის მიმდინარე, ერთ-ერთი გადაცემულია ევროპულ სასამართლოში, ჩვენ ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გვაქვს, 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია, რომ თუ ადამიანი ნამდვილად ტრანსგენდერია, ამასთან დაკავშირებით არსებობს ფსიქიატრის დასკვნა, რომ ასეთ ადამიანებს ფსიქიატრიული დიაგნოზი არ აქვთ და არ გვეჩვენება რომ ესენი ტრანსგენდერები არიან, ეს ნამდვილად ასეა. სწორედ ამით  უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.

-გარდა ამისა, რა პრობლემების წინაშე დგანან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში, რა აწუხებთ მათ?

-დარწმუნებული ვარ რომ სხვა მოთხოვნებიც იქნება აქციაზე, ეს პირველ რიგში იქნება დისკრიმინაციის და დანაშაულების პრევენციის მოწოდებით და სახელმწიფოს მხრიდან უფრო ეფექტურად მუშაობის მოთხოვნაც.

კარგი არის, რომ აქცია ჩატარდება 8 მარტს და სწორედ ამ დღეს გაკეთდება აქცენტი მცირერიცხოვან, მოწყვლად ჯგუფზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ.