„ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება საქართველოს მხრიდან ხელოვნურად ხდება“

  18:06:43     06-03-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის  საკითხის შესახებ ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეზოლუცია განიხილა, რომელთაგან ერთი უმცირესობას, მეორე კი, უმრავლესობას ეკუთვნის.

ორი პროექტი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებს სანქციები დაეკისრებათ. 

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრ ადა მარშანიას ესაუბრა:

- რეზოლუციის პროექტების განხილვისას თქვენ დაიწუნეთ როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მომზადებული დოკუმენტი და „სილაში თავჩარგულები“ უწოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. თქვენ რას მოითხოვთ?

- მე რასაც მოვითხოვ ის არის, რომ ნუ გვახსენდება ოკუპირებული ტერიტორიები მაშინ, როდესაც იქ ტრაგიკული ფაქტი მოხდება. უცნაური, გაუგებარი და მიუღებელია საქართველოს პარლამენტი, რომელიც ინტენსიურად არ იხილავს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.

- როგორც ამბობთ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ხელს უწყობს პროცესს, რომ კონფლიქტური რეგიონების პრობლემა არ მოგვარდეს. რა არგუმენტი გაქვთ საამისოდ?

- იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არ აკეთებს და ის თავისი უსუსურობით უწყობს ხელს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არსებობენ ძალები, რომლებიც შეგნებულად უწყობენ ხელს იმას, რომ კონფლიქტი არ მოგვარდეს და არ მოხდეს დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან.

- იქნებ, დააკონკრეტოთ, რომელ ძალებს  გულისხმობთ?

- მოვა დრო და ამასაც გავასაჯაროებთ. რეზოლუცია ჩვენ უნდა მივიღოთ, მას თავისი შინაარსი, ძალა აქვს და საჭიროა, რადგან პარლამენტი რეზოლუციებით და განცხადებებით მუშაობს. იმედი მაქვს, უკეთეს რეზოლუციაზე შევჯერდებით.

- არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ახსენეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია, რომლის გახმაურებისგან თავს იკავებთ. შეგიძლიათ, თქვათ რა იცით განსაკუთრებული?

- ამ ფაქტის გარშემო არავითარი სახარბიელო ინფორმაცია არ მაქვს. მაგალითად, ის, რომ ამდენ ხანს დაყოვნდა ცხედრის გადმოცემა, შემთხვევითი არ არის. ინფორმაცია ნამდვილად მაქვს და შეიძლება იგივე ინფორმაცია ხელისუფლებასაც აქვს, რომელსაც არ ასაჯაროებს. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება საქართველოს მხრიდან ხელოვნურად ხდება.

- „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებაა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი გაუქმდეს, რადგან ის იმ მისიასაც არ ასრულებს, რომელიც აკისრია. დაეთანხმებით თუ არა სალომე სამადაშვილის შეთავაზებას, როდესაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა?

- არ ვეთანხმები სალომე სამადაშვილს არაფერში, მათ შორის, არც ამ საკითხში. რასაკვირველია, კარასინი-აბაშიძის ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ და ასეთი ფორმატი დამატებით კიდევ ასობით უნდა შევქმნათ. იქნებ, რამე გამოვიდეს.