გიგა ბოკერია: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები როგორ მოიგო, ცალკე საკითხავია

  14:40:12     06-03-2018

პარლამენტის რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საკანონმდებლო საქმიანობის პრინციპები დაიხვეწება, მეორე მხრივ კი, საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდება.

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების გამოცხადება ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. უმრავლესობა „მინისტრის საათის“ ფორმატის შემოღებას აპირებს, რომლის გათვალისწინებითაც, პარლამენტში მინისტრის გამოცხადება სავალდებულო იქნება და მთავრობის წევრების გამოსვლის განრიგს ბიურო შეადგენს.

პარლამენტში მინისტრების სამთავრობო საათის ფორმატში დაბარება მოქმედი რეგლამენტითაც არის უზრუნველყოფილი, თუმცა ეს ვალდებულებას არ წარმოადგენს, რადგან რეგლამენტში ნათქვამია, რომ სამთავრობო საათი როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს იმართება. მანიპულირების საშუალებას სწორედ „როგორც წესი“ იძლევა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით PRESA.GE ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებს ესაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია:

- მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით რომ რეგლამენტიდან ამოღებული იქნას „როგორც წესი“ და ყველა მინისტრისთვის გახდება ვალდებულება რომ მოვიდეს პარლამენტში. ოპოზიციისთვის რამდენად სასურველი გადაწყვეტილებაა და გაიზიარებთ თუ არა ამ შესწორებას?

- მინისტრების პარლამენტში მოსვლის ვალდებულება არსებობს დღევანდელი ჩანაწერითაც-გამოცხადდეს ყველა მინისტრი ფრაქციის მოთხოვნის შესაბამისად პარლამენტში დისკუსიისთვის და კითხვებზე პასუხის გასაცემად. სამწუხაროდ, წელიწადნახევარია „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გუნდის მინისტრები ამ კანონის ჩანაწერის იგნორირებას, პარლამენტის იგნორირებას ახდენენ და ამით საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას უგულვებელყოფენ. დღესაც ველოდებით პასუხს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებისგან, როდის სცალიათ, რომ მოვიდნენ და გასცენ კითხვებს პასუხი.

- რატომ შეიქმნა მინისტრების პარლამენტში მოსვლის პრობლემა, როცა ცხადია, რომ კანონით მათი ვალდებულება განსაზღვრულია?

- ეს არ არის მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ პრობლემა. ეს ავლენს „ქართული ოცნების“ მინისტრების და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას ზოგადად კანონების მიმართ და ანგარიშვალდებულების შეგრძნებას საზოგადოების მიმართ. მათ ასე აქვთ საკითხი დასმული, რომ არჩევნები მოვიგეთ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები როგორ მოიგო, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. მათ ავიწყდებათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული არიან ყველა მოქალაქის მიმართ და ოპოზიცია გამოხატავს ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელმაც ამჯერად არჩევნები ვერ მოიგო. ეს არ ნიშნავს, რომ მათი იგნორირება დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალურია.

- ანუ, ფორმალურია ის ცვლილება, რომლის განხორციელებაზეც მმართველი გუნდი საუბრობს?

- არ ვიცი, რა ცვლილებების შეტანას აპირებენ. წესები როგორ შეიცვლება, ეს პრობლემა მნიშვნელოვანი იმდენად არ არის. მთავარი პრობლემა მთელი ეს წლებია, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არის ის, რომ ყველა წესს აიგნორებენ: კანონის, კონსტიტუციის, სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობის. სანამ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, წესებში რა ცვლილებებს შეიტანენ, მნიშვნელოვანი არ არის.

ოპოზიცის შეფასებებს არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

- თუკი არ მიიჩნევთ, რომ მთავრობა პარლამენტის წინაშე განსაზღვრულ ვალდებულებას არღვევს, რატომ შეგაქვთ სიახლე რეგლამენტში?

- საგაზაფხულო სესიაზე ჯერ არ ყოფილა სხდომა, სადაც ერთი, ან ორი მინისტრი არ მოსულიყო პარლამენტში საკუთარი ანგარიშით. ყველა პარლამენტის წევრს არ ჰქონოდა საშუალება , რომ შეკითხვები და მოსაზრებები დაეფიქსირებინა. ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის ნორმალური პროცესი და რა თქმა უნდა, მთავრობის მზაობაც არის აშკარა. კვირის განმავლობაში მინისტრები მოდიან პარლამენტში და საკომიტეტო ფორმატში მზად არიან, რომ საკუთარ ანგარიშებზე შედგეს დებატები.

- მაშინ რით ხსნით მოქმედი რეგლამენტის ვალდებულებას, სადაც წერია, რომ ფრაქციის ფორმატში მოწვევის შემთხვევაში, სადეპუტატო კითხვებზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, მინისტრი ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში, რისი უგულვებელყოფა ხდება. რა ახსნა აქვს ამას?

- როდესაც მინისტრები მოდიან პარლამენტში, პარლამენტის წევრებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი შეკითხვა იყოს განხილული ამ ფორმატში. შესაბამისად, არ ყოფილა ისეთი საკომიტეტო ფორმატი, სადაც ოპოზიციას არ დაუსვამს კითხვები და პრობლემები, რომლესაც საჭიროდ მიიჩნევენ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუნდაც ბოლო 2-3 კვირის არქივი, როცა მინისტრები პარლამენტში იმყოფებოდნენ.