„მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ სასჯელს ვერსად გაექცევიან“

  13:02:28     06-03-2018

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დღეს მოლაპარაკებები გაიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ  უმრავლესობისგანაც არის განწყობა, რათა პარლამენტმა ერთიანი რეზოლუცია მიიღოს. 

PRESA.GE საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:

- ოპოზიციამ პარლამენტის დოკუმენტის შემუშავებამდე უმრავლესობას საკუთარი ინიციატივა ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნა შესთავაზა, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის პირობებში დამნაშავეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. არის თუ არა თქვენი მოთხოვნა უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული?

- ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა დღეს კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეხვედრა უმრავლესობასთან. ვფიქრობ, მათი მხრიდანაც განწყობა შესაბამისია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას. კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც. ტატუნაშვილის მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს.

- უმრავლესობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ორი დოკუმენტის შეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია პარლამენტის საერთო რეზოლუციის მიღება. მიაღწიეთ თუ არა კონკრეტულ შეთანხმებას?

- ჯერჯერობით, კონკრეტულ ტექსტზე საუბარი ნაადრევია, რადგან ახლახანს დაიწყო საუბარი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, თუ როგორი ფორმა შეიძლება ჰქონდეს ერთიან დოკუმენტს. მზად ვართ, საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის ტექსტი, მაგრამ აუცილებლად გვეჩვენება ამ ტექსტს დაემატოს სანქციების და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ელემენტი. ამ ფარგლებში დავიწყეთ კონსულტაციები.

- კონკრეტულად რა როლს შეასრულებს სპეციალური სანქციების რეზოლუციაში ჩადება?

- ვერც ერთი დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას, იმიტომ, რომ იქნება დაკავებული, მისი ქონება იქნება ჩამორთმეული, ნებისმიერ საერთაშორისო საზღვარზე, სადაც ის მივა, დააკავებენ და შეუქმნიან პრობლემას. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ეცოდინება რომ ასეთი ტიპის სანქციებთან ექნება საქმე, რა თქმა უნდა, ბევრად მეტად დაფიქრდება, ვიდრე წარსულში, ვიდრე  რაიმე დანაშაულს ჩაიდენს ქართველების წინააღმდეგ. 

დღეს, მთავარი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის დაუსჯელობა, ჩვენ არ შეგვიძლია მართლმსაჯულება განვახორციელოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას ბუნებრივია, არ აკეთებს ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი. ამის გამო, მკვლელები თავს სრულიად დაუსჯელად გრძნობენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ, ისინი სასჯელს ვერსად გაექცევიან. მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება, სადაც ფეხს დაადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან და როცა ეცოდინებათ, რომ დანაშაული დასჯადია, დარწმუნებული ვარ, ბევრად ნაკლები ხალისი ექნებათ ქართველების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის. რეალურად, სანქციები ერთადერთი მექანიზმია იმისთვის, რომ იქ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ.

- ერთია დოკუმენტის მიღება და როგორც წესი, შემდგომში პრობლემა ხდება მისი აღსრულება. რამდენად გვიწყობს ხელს სახელმწიფო ბერკეტები, რომ დამნაშავე პირთა სიის შედეგად მათ წინააღმდეგ სანქციების რეალიზება მოხდეს?

- ნამდვილად აღსრულებადია, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ უმრავლესობასთან, რადგან ჩვენი მზიანი პოლიტიკური ქულების დაწერა არ არის. ჩვენი ამოცანაა, რეალური სანქციების მექანიზმი ჩავდოთ, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩვენს სახელმწიფოს ექნება. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სრული თავგასულობა. ადგილზე დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა იციან, რომ არავინ არაფერზე პასუხს არ სთხოვს. ჩვენი მხრიდან მექანიზმის შექმნით მათ გავაგებინებთ, რომ დანაშაული დასჯადია!