პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა 2 თვით კიდევ გადაიდო

  18:07:51     05-03-2018

​საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ვადის ორი თვით გადადების წინადადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  დააყენა, რასაც კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს. 


არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანონპროექტის მთავარ მიზანთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება რიგი ტექნიკური საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს და შეთანხმებებს საჭიროებს.


„მთავარ მიზნებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმება მიღწეულია - ეს არის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, რომ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, მომავალი თაობა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს ებრძოლოს. შევთანხმდით, რომ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ შეუფერხებლად მიიღონ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისები. ასევე შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია თავს მოიყრის, მოხდება ანალიზი და გადაწყვეტილებები ამაზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული საკითხების გარშემო არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება სრულად მიღწეული არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ ორთვიან ვადას და ასევე საბოლოოდ შევაჯერებთ, თუ რა რესურსები დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას. გთავაზობთ, საკომიტეტო განხილვების ვადა, რომელიც დღეს იწურება, აღნიშნული ვადით გადავწიოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.