ნინო ბურჯანაძე: ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან

  14:33:04     05-03-2018

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მხარს მას დაუჭერს, -  ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხმის დათვლისა და კენჭისყრის პროცესის სამართლიანად ჩატარების არ სჯერა, ვინაიდან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსები არჩევნებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. 

თუმცა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე მმართველი გუნდისთვის წინაააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან. ამიტომ მუდმივად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ხვდება, რომ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია პრაგმატული და სწორია. ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ყველა რეალურად ოპოზიციური პარტია მივიდა დასკვნამდე, რომ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლა მხოლოდ ძალების გაერთიანების გზით არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, 14 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილ ლიდერთა საბჭოს სიტუაციაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გასასვლელად საკმარისი ხმები დააგროვა, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.