დანტე ალიგიერი და სალიტერატურო იტალიური ენა
12:47:38     30-05-2011
დიდი იტალიელი პოეტი დანგე ალიგიერი, როგორც დგინდება, დაიბადა 1265 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით ამ პერიოდში.
დანტე ალიგიერის პოემა "კომედია" (რომელსაც მერე ღვთაებრივი უწოდეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედევრია მსოფლიო ლიტერატურულ საგანძურში. იტალიაში დანტეს "უზენაესი პოეტი" (il Sommo Poeta) უწოდეს. ის იყო ლიტერატურის თეორეტიკოსი, ენათმეცნიერი და პოლიტიკური თეორეტიკოსიც...
კომედია მაშინ არ ერქვა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც სასაცილოა. კომედიას უწოდებდნენ ისეთ ნიმუშს ლიტერატურისა, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. დანტეს "ღვთაებრივი კომედია" ქართულად თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიამ (პირველი ნაწილი კონსტანტინე ჭიჭინაძესთან ერთად). ის ძალიან კარგად იცნობდა დანტეს შემოქმედებას, იცნობდა წინარე რენესანსისა და რენესანსის ეპოქის იტალიისა და ევროპის ხელოვნების ისტორიას. კონსტანტინე გამსახურდიას გამოქვეყნებული აქვს საკმაოდ ვრცელი წერილი დიდ იტალიელზე - "დანტე ალიგჰიერი". ამ საკმაოდ საინტერესო ნაშრომში მიმოხილულია დანტეს დაბადების თარიღის, მისი სოციალური წარმოშობის, კომედიის შექმნის, შინაარსის, მნიშვნელობისა და სხვა საკითხები.
ვფიქრობთ, პრესა.გე-ს მკითხველებისათვის საინტერესო იქნება გავიხსენოთ ნაწყვეტი ამ წერილიდან, სადაც განხილულია დანტე ალიგიერის პოეზიის მნიშვნელობა საერთო იტალიური სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში. ამ წერილში მოკლედ არის გადმოცემული წინა ისტორია იტალიური სალიტერატურო ენის წარმოშობის, ფესვებისა და დამკვიდრებისა. ამ საქმეში დანტეს დამსახურება. ქართველი მწერალი გვიამბობს, რატომ ჩამოყალიბდა ასე გვიან იტალიური სალიტერატურო ენა (სხვებთან შედარებით), რა წინაღობები ჰქონდა, რა პრობლემები იყო და ა. შ.
წინამდებარი ნაწყვეტი წერილიდან საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ წარმოგვიდგენს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სალიტერატურო ენა, რომელიც აერთიანებს ერს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი შემოქმედი ამ პროცესში და სხვა. ბევრი ერის სალიტერატურო ენის დადგენის პროცესი ჰგავს წერილში მოთხრობილ ისტორიას, რადგან არა ერთი ერი იდგა ამგვარი პრობლემის წინაშე. წინამდებარე ნაწყვეტი წერილისა აქტუალურია ჩვენთვისაც გლობალიზმის ხანაში.
ნაწყვეტი კონსტანტინე გამსახურდიას წერილიდან "დანტე ალიგჰიერი"
"ახლა საჭიროდ მიმაჩნია ოდნავ გადავუხვიო დასახულ თემას და ჩემს მკითხველს დაახლოებით მაინც ვამცნო რას წარმოადგენდა იტალიური ენა და ლიტერატურა დანტემდის?
ლათინური ენების ოჯახში (იგულისხმება ფრანგული, ესპანური და იტალიური) იტალიური ენის ფორმაციამ ყველაზე მეტად დაიგვიანა. აქ უეჭველად დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ლათინთა იმპერიის დანგრევის შემდეგაც ლათინური ენა განაგრძობდა არსებობას მთელი საშუალო საუკუნეების მანძილზე და ამან დაჩრდილა იტალიური. XI და XII სს. საფრანგეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს უაღრესად განვითარებული პოეზია მოეპოვებოდა, ხოლო ესპანეთში პოემა სიდზე უკვე შექმნილი იყო.
იტალიური ენა წარმომდგარია სხვადასხვაგვარი ლათინური დიალექტებისაგან, რომელთაც Lingua romana rustica ეწოდებოდა - რომანული გლეხური ენა. ამ დიალექტების ურთიერთთან ჭიდილში XII-XIII სს. იმარჯვებს და ბატონდება ტოსკანური ენაკავი, რომელიც პეტრარკამ და დანტემ ლიტერატურულ ენად დაამკვიდრეს პოეზიაში. ტოსკანური, ანუ ფლორენციული გახდა იტალიური პროზის ენაც, რამდენადაც ბოკაჩიოც ამ დიალექტზე წერდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ შემთხვევაში ფატალური როლი ითამაშა ლათინურმა ენამ და ქალაქი რომის პრეტენზიებმა მარადიული იმპერიის მარადიულ სატახტოდ დარჩენისაკენ მიდრეკილმა ("ეტერნა რომა"). სციპიონებისა და ცეზარების ქალაქი კვლავ ოცნებობდა ცეზარების ქალაქად აღორძინებას და კოლა დე რიენცოს პოლიტიკური ილუზიებიც აქეთკენ იყო მიმართული. გარდა ამისა, რომი იყო რელიგიური ცენტრი პაპის კურიისა, რომელიც ცეზარო-პაპიზმის უტოპიით გაბრუებული კვლავ მსოფლიოს სატახტო ქალაქად სთვლიდა რომის ქალაქს. ამ უშველებელი მახინის ენა იყო ლათინური და განათლებული იტალიელები მას საკუთარ ენად სთვლიდნენ კიდევაც, როცა გლეხობა "რუსტოკანულ" დიალექტზებზე ლაპარაკობდა.
ამ ხალხური მეტყველების ზეგავლენით შეირყა ძველი ლათინურის კრისტალურობა და მონოლიტობა. ამ ორენოვნებამ დააგვიანა იტალიური ენის აღორძინება.
ფლორენციელი არრიგო დასეტი 1192 წელს სწერდა ლათინურ ლექსებს. ღვთისმეტყველები, ისტორიკოსები და სჯულის მდებელნი განაგრძობდნენ ლათინურად წერას (თვით დანტე, ბოკაჩიო და პეტრარკაც ხმარობდნენ ამ ენას).
XII ს. მიწურულსა და XIII-ის დამდეგში იტალიის ჩრდილოეთსა და სიცილიაში ზოგიერთი მთავრებისა და თავადების კარზე გამოჩნდნენ სხვადასხვა ეროვნების პოეტები, რომლებიც ფრანგი ტრუბადურების მიბაძვით სწერდნენ ლექსებს (განსაკუთრებით ცნობილია ამ მხრით ფრიდრიხ მეორის სასახლე). ეს პოეტები რაინდობას, მიჟნურობას, ლხინსა და დროსტარებას უმღეროდნენ, მოგზაურობდნენ პირინეებსა და აპენინებს შორის. ამ ტრუბადურებიდან ლიტერატურის ისტორიაში ხშირად ახსენებენ პიეტრო ფიდალის, ფაიდიტს იოან დ’ალბუსსონს და სხვა. დანტე და პეტრარკა ახსენებენ მათ შორის უფრო წარჩინებულთ: არნოლდ დანიელს, ფოლკელტ მარსელს, ჯიფრე რუდელს და სხვა. ერთ დროს მთელი იტალიის მწიგნობარნი და არისტოკრატები აღტაცებულნი იყვნენ პროვანსალური პოეზიის კორიფეებით.
ტრუბადურებს მიმბაძველები გამოუჩდნენ, მაგრამ ესენი ლათინურად როდი სწერდნენ და არც ხალხურ დიალექტებზე, რადგან გლეხურ ენაკავებს არა სთვლიდნენ ტრუბადურული პოეზიის მოტივების ღირსად. მალე იტალიელებმაც დაიწყეს პროვანსალურად წერა. ამ ენაზე სწერდნენ XIII საუკუნის დასაწყისში რამბერტინო ბუვალელლი, მარკიზ ალბერტო მალასპინა, ბონიფაციო კალვო, ლანფრანკო ჩიგალუ, ბარტლომეო დძორძი და მანტუელი სორდელლო.
ცხადია, სხვის ენაზე ჯერ არავის შეუქმნია მსოფლიო შედევრი (ხაზი ჩემია. გ. მ.), გარდა ამისა ეპიგონური ლიტერატურა თავიდანვე განწირულია, ამიტომ პროვანსალურ ენაზე მომღერალ იტალიელებს არც რაიმე ზეგავლენა მოუხდენიათ პოეზიაზე. ეს პროვანსალური ნაკადი სავსებით უშედეგოდ დარჩებოდა, იტალიელი ტრუბადურები საკუთარ "გლეხურ" ენაზე რომ არ გადასულიყვნენ და ეს მოძრაობა დაიწყო კიდევაც პალერმოში, ფრიდრიხ II-ის კარზე.
ცნობილია, ტრუბადურული პოეზიის საგანი იყო მიჯნურობა, რაინდობა გმირობა, მერმე წამოვიდა საშუალო საუკუნის მოარული რომანების ტალღა და იტალიას მოედო გმირული ლექსები კარლოს დიდის და როლანის დევგმირული ცხოვრების გამო შეთხზული. ასევე გავრცელდა იტალიაში სანახევროდ გალექსილი რომანი, კრეტიენ დე ტრუა და მრგვალი მაგიდის რომანების ციკლი. ამბავი ტრისტანისა და იზოლდასი, მეფე არტურის ისტორიები და სხვა. ამ მოარულ ფრანგულ სიუჟეტებთან ერთად ვრცელდებოდა იტალიაში ფრანგული ენაც.
1283 წელს დანტე წერს ტოსკანურ ენაკავზე თავის "ვიტა მუოვას" პირველ სონეტს.
იტალიურ ენაზე დიალოგებს თხზავს უმბრიელი პოეტი ჯაკოპონე და-ტოდი (1306) Donna del Paradiso და სხვა). ფრიდრიხ მეორის კარზე დაარსებულმა პალერმოელმა სკოლამ ტრუბადურებისამ შეჰქმნა "კანცონის" ჟანრი, რომელიც დანტემ და პეტრარკამ ვირტუოზობის ხარისხამდის აიყვანეს.
ცალკეული ამ პოეტების სახელები არაფერს ეუბნება ლიტერატურის ისტორიას, მაგრამ მათ დიდი როლი ითამაშეს იტალიის პოეზიის დაფუძნებაში. უმთავრესნი მათ შორის იყვნენ: ფოლკო რუფფო, არრიგო პესტა დარეცცო, ჯაკოპო მოსტაჩი და-პიზა და სხვა. სამიჯნურო პოეზიას ღვაწლი დასდო შემდეგში გვიდო გვინიჩელლიმ. თვით სიყვარულის თემას გვინიჩელლიმ ადამიანური ბუნება და სურნელება მიანიჭა. თვით დანტე ახსენებს გვინიჩელლის, როგორც მამას "ტკბილხმოვან მგოსნებისას". იტალიის პოეზიაში, მართლაც, გვინიჩელლი ითვლება ე. წ. Dolce stil nuovo- ს სკოლის პოეტების მამამთავრად.
იტალიის პოეზიაში დანტეს დაუხვდა ისეთი ამოცანა, როგორიც წინ უდგას ხოლმე ყოველ დიდ პოეტს, რომელსაც ესა თუ ის პოეზია დამოუკიდებელი და დიდი ლიტერატურის თემშარაზე დაუყენებია. ეს იყო იტალიური ენის დაფუძნება ერთის მხრით, მისთვის აღმატების ხარისხის მინიჭება, იტალიურის განთავისუფლება ლათინური, ფრანგული და პროვანსალური ენებისა და ამ ენებზე არსებულ პოეზიათა ზეგავლენისაგან. ამ დიდ საქმეს ეროვნული პოეზიის აღორძინებისას, ისეთი დიდი ტალანტისა და ავტორიტეტის პატრონი სჭირდებოდა, როგორიც იყო თავათ დანტე.
ასე რომ, "rinascita", - რენესანსი, აღორძინება საჭირო იყო დანტეს მსოფლშეგნებაში როგორც იტალიური სახელმწიფოს, ისე ეკლესიის, მისი ენის, ლიტერატურისა და პოლიტიკის სფეროში. ყველა დარგში უმძაფრესი სტოიციზმი გამოიჩინა დიდმა ფლორენციელმა.
ასეთი მაღალი და დიადი იდეებით დატვირთულს უფლება ჰქონდა თავისი ხალხისათვის შეეძახნა: Jnscipit vita nuova!
ეზიარენით ახალ ცხოვრებას!
"ვიტა ნუოვაში" განახლების, აღორძინების ჯადოსნურ ძალად წარმოდგენილია სიყვარული. ამ განახლებული ცხოვრების მესიტყვეს ესაჭიროებოდა ახალი ტკბილი სტილი, რომელიც უაღრესი ვირტუოზობის ხარისხამდე აიყვანა დანტემ. თუ იოახიმ დელ ფიორეს reformatio interioris hominis (ადამიანის შინაგანი რეფორმაცია) ეწადა, დანტემ მთელი რელიგიის, ეკლესიის შინაგანი განახლება და რეფორმაცია მოიწადინა. იოახიმის მოწაფეებიც ხომ dux nuovus შეტრფოდნენ, ეს "დუქს" ან Para anqelicus ნახსენებია როგორც "ვიტა ნუოვაში", ისე "ღვთაებრივ კომედიაში". დანტეს კომენტატორი, მისივე ვაჟი პიეტრო ალიგჰიერი დანტეს შემოქმედების გასაღებს გვაწვდის: Causa vero finalis est ut vittiosos a vittiis removeat et remotos ad rurqandum se ipsos dirqat. წინასწარმეტყველური პათოსით აღვსილი დანტე მოუწოდებს კაცობრიობას შინაგანი განახლებისაკენ. ხოლო ამის უცილო პირობაა: ცალკეული ადამიანის თვით განწმენდა და თვით განახლება. ცხადია, ჩვენი თანადროულობისათვის უცხოა მისი აპოკალიფსური, ესქატოლოგიური ვიზიონერობა, უკანასკნელ საგანთა ჩვენებით, მიწიერი სამოთხის კვლავ მოხვეჭის წადილი, პრიმიტიული სულიერი მყუდროების კვლავ მოპოვება და შემობრუნება ოქროს ეპოქისა, რომელსაც ანტიური პოეზიის კორიფეები უმღეროდნენ ოდესღაც. მას სწამდა ფენიქსებს განახლებული, მარად ჭაბუკი რომის ვარსკვლავი. მიქენა, სპარტა და თებაი დაიღუპნენ, მაგრამ დარდანის რომი კვლავ აღსდგებაო, სჯეროდათ ანტიურ პოეტებს.
დანტე იყო იტალიის კულტურის, მისი პოეზიის დიდი ალამდარი, ამიტომაც მისი შემოქმედების თესლმა გაიხარა და იტალიურ რენესანსს მართლაც მოჰყვა იტალიური ენისა და პოეზიის აღორძინება. იტალიის რენესანსს თან მოსდევს ანალოგიური მოძრაობა ევროპის დანარჩენი ხალხების ნაციონალურ ცხოვრებაში.
გოეტემ სამართლიანად აღნიშნა: ისტორიის საუკეთესო ესენცია ეს ენტუზიაზმიაო. ამ ენტუზიაზმმა შეჰქმნა განახლების დიდი წადილი, რომელმაც ევროპული კულტურის სვლის გეზი შესცვალა. მშრალი, ასკეტური ქრისტიანული დოგმატიზმის ყინული გაალხო ამ ახალი ადამიანობის იდეის შემოსვლამ პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, საერთოდ ხელოვნების ყოველ დარგში.