„რაგატკა“ – ჯიბის არტილერია
12:15:52     30-05-2011
ალბათ, ყველას ჯერ კიდევ კარგად გახსოვთ რესტორან „ზღაპარში“ დაგეგმილი გადატრიალების კადრები, სადაც განსაკუთრებით, ახლა პატიმრობაში მყოფი, გადამდგარი გენერალი, გია უჩავა აქტიურობდა. პირველად, სწორედ აქ გაისმა შემდგომ უკვე ყბადაღებული „რაგატკების“ თემა, რომლის ინიციატორიც, ბადრი ბიწაძე გახლდათ.
ბევრს, სასაცილოდ არ ეყო „რაგატკებით“ მოწყობილი რევოლუცია, მაგრამ ეს ალბათ იმას გაეცინა, ვინც არ იცის, რა ზიანის მოტნა შეუძლია რკინის ბურთულებიანი საბრძოლო მასალის მქონე შურდულს. ბევრისგან განსხვავებით, ამის შესახებ „რევოლუციონერებისთვის“ კარგად იყო ცნობილი. ისინი თავადვე აღნიშნავდნენ, რომ მას ადამიანის მოკვლა შეეძლო.
ინგლისური სიტყვა Slingshot, ქართულად შურდული, ორი სახის იარაღს გულისხმობს. ერთი იმდენად უძველესია, რომ ბიბლიაშიც კი არის ნახსენები. დავითმა გოლიათი სწორედ შურდულით მოკლა. მეორე სახეობა, იმ ფორმით როგორიც ჩვენ ვიცით, შედარებით ახალი იარაღია, ადამიანმა რეზინი ხომ დენთზე გვიან აითვისა.
შურდული ერთერთი ყველაზე ეფექტური ჯიბის იარაღია. საბრძოლო შურდულს ჯიბის არტილერიასაც უწოდებენ. „რაგატკამ“ მოზარდი ხულიგნების ხელიდან, დიდი ხანია ქუჩის მებრძოლთა ხელში გადაინაცვლა. სასროლად, ძირითადად, მინის, ქვის და რკინის ბურთულები გამოიყენება. შურდულით სროლის ტრადიციული დისტანცია, პნევმატური იარაღის სროლის დისტანციას ემთხვევა. ყველაზე ეფექტური მაინც 10 მეტრია. თუმცა შედეგის მოტანა 100 მეტრზეც შეუძლია.
ერთი შეხედვით, ეს ბავშვური სათამაშო, საკმაოდ სახიფათო იარაღია, სრული ძალით გასროლილი ტყვია, წამში 50 მეტრ სიჩქარეს ავითარებს, ანუ 180 კმ/სთ. ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში, სროლის სიზუსტე მთელ კომპლექსზეა დამოკიდებული, საბრძოლო მასალით დაწყებული, თავად შურდულის ხარისხით დამთავრებული.
ბურთულა 15–20 მეტრში ადამიანის თავის ქალაში აღწევს და იქ რჩება. ასეთი ჭრილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ხშირია თვალის ამოგდების შემთხვევები. ცოტა შორ მანძილზე შუბლში მოხვედრის შემთხვევაში, ადამიანის წაქცევაც შეუძლია. არის მოსაზრება, რომ ახლო მანძილიდან, შურდულით ნასროლი რკინის ბურთულა, ჯავშანჟილეტში აღწევს და ნეკნს ამტვრევს. გარდა ამისა, შურდული პორტატულია, ის შეიძლება დამალო შარვლის, ქურთუკის, პიჯაკის ჯიბეში.
სიზუსტის მხრივ, განსაკუთრებით ეფექტური მინის ბურთულებია, რადგან მათ იდეალური მრგვალი ფორმა აქვთ. ზიანის მიყენების კუთხით კი, ფულადის ბურთულები, თითქმის უალტერნატივოა. თანაც მათი შოვნა ძალიან იოლია, მათ მონადირის ნებისმიერ მაღაზიაში შეხვდებით. ყველაზე იაფი 6 მმ–იანი ბურთულები ღირს. ასეთი ბურთულების ოპტიმალური სიდიდე 12 მმ–ია.
ეს მათთვის, ვისთვისაც ცნობილი არ არის თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია შურდულს ადამიანისთვის...