პრორუსების დეპეშა კრემლს - რა ხდება წითელი ინტელიგენციის რიგებში?

  15:30:42     01-03-2018

ე.წ. ინტელიგენციის პრორუსული ფრთის წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. 

ანტიდასავლურ და პრორუსულ მიმართვას ხელს აწერენ ოკუპანტ რუსეთზე შეყვარებულები: რობერტ სტურუა, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე, გოგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე, ჯონდი ბაღათურია და თემო გოცაძე. 

მასში ნათქვამია, რომ საქართველოს გაცხადებულმა მიზანმა, გახდეს ნატო-ს წევრი, ქვეყანას რუსეთთან პრობლემები შეუქმნა. 

თუმცა, „რატომღაც“ ამავე მიმართვაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ რა სახის და რამდენჯერ შეუქმნა პრობლემები რუსეთმა საქართველოს. 

[I=2]არც იმაზეა მინიშნება პრორუსების ამ ე.წ. მიმართვაში, თუ როგორ მიიტაცა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, დაგვიხოცა ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცები და ბავშვები, გადაგვიწვა სახლები და სოფლები, დევნილად გვიქცია ასი ათასობით თანამემამულე, დაგვინგრია და კირით შეგვითეთრა ეკლესია-მონასტრები...

ასეთ ანუ ოკუპანტ ანუ რეალურ რუსეთს არ იცნობს გამოკვეთილი პრორუსი ჯონდი ბაღათურია. 

ის, საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობისაგან განსხვავებით, ისევ „37 მანეთზე“ ოცნებობს და იმ დროს მისტირის, როცა უფროსი ძმა კრემლიდან გვკარნახობდა როდის და როგორ გვემოქმედა...

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, ჯონდი ბაღათურია არ მალავს თავის აშკარად პრორუსულ მოსაზრებას, რომელიც ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის აზრით (ეს უახლოესმა კვლევამაც დაადასტურა), ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ასე მაგალითად:

„პრესა.ჯი“: მართლა გჯერათ რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმით, შესაძლებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დასტაბილურება? 

ჯონდი ბარათურია: ნატოსკენ სწრაფვა ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ კატეგორიული ფორმებით, არ უნდა ვთქვათ რომ აუცილებლად შევიდეთ ნატოში, ან აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ მასზე. 

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნატო და ევროკავშირი არ არის რელიგია, რომელიც შეიძლება გჯეროდეს, გწამდეს და არ შეიძლებოდეს კითხვების დასმა. 

- ნატოში გაწვრიანება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უსარგებლო და პრორუსული პოლიტიკის გატარება - არა? 

- ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველომ ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, ნატოს წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად და მათთვის ჩვენ არასოდეს გვიღალატია. 

ამის საკონპენსაციოდ არცერთი წონადი არგუმენტი არ არსებობს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ჩვენს სასარგებლოდ რაიმე გააკეთეს. 

ახლაც კი ევროკავშირი საქართველოსთან ვაჭრობს იმაზე, რომ თურმე, რამდენიმე ქართველმა თავშესაფარი მოითხოვა და ცდილობს იქ სამუშაო ადგილების მოძებნას. 

ევროკავშირს 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი აქვს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს რამდენიმე ქართველმა მათ, გაუგებარია, ამის გაკეთებაც კი არ უნდათ. 

- ნატოში შესვლაზე უარის თქმა, არის თუ არა, გარანტი იმისა, რომ რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს? 

- დღეს საქართველოში საინფორმაციო ველი შგნებულად არის გაჯერებული ორი უკიდურესობით, ერთი არის უკიდურესად ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ს მოყვარულები, მათი პოზიციაა, რომ ნატოში შესვლის გამო უნდა გავყიდოთ სამშობლო, ოღონდ ამერიკა იყოს კარგად და საქართველო წყალს წაუღია და მეორე უკიდურესობა არის ის, რომ ჩვენ ნატო და ამერიკა გამოვაცხადოთ დედამიწის მტრად და ყველაფერზე უარი ვთქვათ. 

არადა, ჩვენ შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ რუსეთისაგან.

- რა სარგებელი მივიღეთ რუსეთისგან, ვნახეთ ეს 2008 წლის აგვისტოში... და მაინც, რაში ხედვათ გამოსავალს? 

- ჩემი აზრით, გამოსავალი არის ბალანსში, წონასწორობაში, მე მესმის, რომ აშშ-სა და რუსეთს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ვსურვათ და თავისი ინტერესები აქვთ ჩვენთან დაკავშირებით, ეს მოგვწონს თუ არა, ასეა. 

თუ ჩვენ ამას ემოციური კატეგორიებით შევხედავთ ვიქნებით ბრიყვები, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ფაქტობრივ გარემოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ინტერესები საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ არ არის მიმართული, მათი მიზანია როგორმე შეცვალონ ჩვენი საუკუნოვანი ცხოვრების წესი და თავს მოგვახვიონ თავიანთი წესები, რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია. 

- რას გულისხმობთ ანუ რუსული ხიშტია თქვენთვის მისაღები? 

- ვგულისხმობ ლიბერალურ პოლიტიკას, ამიტომ აუცლებელია შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკა რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ წონასწორობა“. 

[I=3]მართალია, ე.წ. ინტელიგენციისა და მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეების პრორუსთა ნაწილმა აშკარად ანტიდასავლური მიმართვა შეიმუშავა, თუმცა, ხელმომწერებს არ დაუკონკრეტებიათ თუ ვისი დავალებით, თხოვნითა თუ მუქარით გააკეთეს ეს. 

არსებობს მოსაზრება რომ პრორუსული ფრთის ამ ჯგუფს მხარდამჭერები სახელისუფლებო წრეებშიც ჰყავთ. 

ოღონდ არაოფიციალურად, რადგან ოფიციალურად, ქართული ოცნება კვლავ მყარად ადგას გზას, რომელსაც მაქსიმალურ უსაფრთხოებამდე, დასავლურ ღირებულებებამდე, პლურალიზმსა და მეტ დემოკრატიამდე მივყავართ, რაც ნამდვილად არ შედის ოკუპანტი რუსეთის ინტერესებში.

კრემლს არა ძლიერი და დაცული, არამედ სუსტი და ისეთი საქართველო სჭირდება, რომლის საგარეო ორიენტირსაც რეზო ამაშუკელი და ჯონდი ბაღათურია განსაზღვრავენ.