ლევან ხაბეიშვილი: როცა ასეთი ადამიანი ქრთამს იღებს, რა შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა რგოლებში

  19:29:09     28-02-2018

სუს-მა კალაძის გუნდის წევრი ქრთამზე დაიჭირა. საინტერესოა, რა კომენტარს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში.

PRESA.Ge „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა.

- ვინ არის პასუხისმგებელი ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ შენობაზე, საიდანაც მინა ჩამოვარდა?

- ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მოხდა ძალიან სამწუხარო რამ, ამიტომ ძალიან მიჭირს საუბარი.

- სუს-მა კალაძის გუნდის წევრი ქრთამზე დაიჭირა, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- ეს ფაქტი არის ძალიან სამწუხარო. ცუდია, რომ ჩვენს კოლეგებს ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ, თუმცა ეს არის სისტემური ხასიათის. აქამდე გამგეობის და მერის თანამსრომლებს აკავებდნენ ქრთამის აღების ბრალდებით, ახლა უკვე საკრებულოს დეპუტატიც დააკავეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სარევიზიო კომისიის წევრი იყო, მას იმხელა ნდობა ჰქონდა კალაძის გუნდში გამოცხადებული, რომ საკრებულოში სარევიზიო კომისიაში აიყვანეს.

როცა ასეთი ადამიანი ქრთამს იღებს, რა შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა რგოლებში, ამიტომ ფაქტია, რომ ეს არის სიტემური ხასიათის და ხელისუფლება მაფიოზურ, კლანური მეთოდებით მართავს ქვეყანას და 15 ლარად წინასაარჩევნოდ ყიდულობს ხმებს, მერე გასაგებია, რომ ადამიანების ჯიბეებიდან ორმაგად უნდათ ამ თანხების ამოღება.

როდესაც ხელისუფლებას მივუთუთებთ კრიმინალზე, კორუფციაზე და ა.შ ამბობენ, რომ მარგინალი ვარ და არასწორად ვსაუბრობ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ სიმართლეს ვამბობთ. ვურჩევდი მათ, მოუსმინონ ოპოზიციას და ითანამშრომლონ ჩვენთან.