"რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მეტი წინაღობა დავუყენოთ ასეთი ქმედებებისთვის"

  13:19:19     28-02-2018

"საქართველომ უნდა შეიმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკა და ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საერთაშორისო ასპარეზზე, რაც რუსეთს გარკვეულ ფასს გადაახდევინებს მსგავსი ქმედებებისთვის".

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხოზორიას სიის მხარდაჭერის საკითხში პარლამენტი ერთიანი და ზეპარტიული იქნება.

“ეს არის წარმოუდგენლად ცინიკური შემთხვევა და სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით. ეს არის რუსეთი, რუსეთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და ეს არის ის საფრთხე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ახლა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ამ შემთხვევაზე მივაღწიოთ შედეგს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვანაირად გაგვიჭირდება და ზოგადად, რუსეთმა იცოდეს, რომ მათ დაუჯდებათ ფასი ასეთი ტიპის ქმედებები. ეს უნდა იყოს საერთო უსაფრთხოების პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში - ეს არის "ოთხოზორიას სია", რომელიც არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გაუჭირდეს რუსეთს და დაუჯდეს ფასი მსგავსი ქმედებები. ჩვენ თუ არ მოვიფიქრეთ ერთიანი, წინასწარი პოლიტიკა ამ ყველაფრის შეჩერების, რეაგირების რეჟიმში ყოფნა ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ რუსეთი უნდა იყოს სანქცირებული მათ შორის, საქართველოს საკითხზე, ვსაუბრობდით სწორედ იმიტომ, რომ ეს რუსეთს ფასი დაუჯდეს. რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მეტი წინაღობა დავუყენოთ ასეთი ქმედებებისთვის",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.