გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

  12:28:17     28-02-2018

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავეა. 

ევროპული საქართველოს ლიდერს, ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა. შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.

[I=2]მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ რომ გიგი უგულავას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულიც ედებოდა. ის ციხეშიც იჯდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალის ნაწილობრივი აღიარების შემდეგ გამოვიდა.

თბილისის ყოფილმა მერმა, გათავისუფლებისთანავე მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა დატოვა და ევროპული საქართველო დააფუძნა.