სამხედრო რეზერვში ჩარიცხულ პირს კომპენსაციის მიღების უფლება შეუნარჩუნდება

  10:13:10     28-02-2018

სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება შეუნარჩუნდება.

შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძეა.

ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ სარეზერვო სამსახურის სრულყოფილად დაკომპლექტებისა და ამოქმედებისთვის აუცილებელია, რეზერვში ჩარიცხულ პირებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.

„დღეისათვის კომპენსაციის ოდენობა დაახლოებით 200 ლარიდან 560 ლარამდეა. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური რეზერვის სამსახურში პირთა გამოძახება თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მოხდება, წინასწარ იმის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ რა რაოდენობის კომპენსაცია ექნებათ დანიშნული. წლის განმავლობაში რეზერვისტები სამხედრო შეკრებებს 45 დღის ვადით გაივლიან. ამდენად, კომპენსაციის მიღების უფლება პირს არ შეუწყდება – აქტიური რეზერვის შემთხვევაში კონტრაქტის მოქმედების ვადაში, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში – 45 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.