პენტაგონმა მი-17-ები შეიძინა

  10:52:42     30-05-2011

პენტაგონმა რუსული ვერტმფრენები მი-17 შეიძინა. გარიგების საერთო თანხამ 367 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამ სავარაუდო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა.

უნიკალური კონტრაქტის მიხედვით, რუსებმა ამერიკელებს 21 ვერტმფრენი მიჰყიდეს. ამას თან ერთვის მატერიალური-ტექნიკური მომსახურებაც. საფრენი საშუალებების პირველი პარტია ავღანეთში შემოდგომაზე გაიგზავნება. ექსპერტების თქმით, ეს შეთანხმება მომგებიანია როგორც ორივე ქვეყნისათვის, ისე კომერციული კომპანიებისათვის.  

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა სამხედრო ტექნიკის მიყიდვა აშშ-სთვის, კონგრესში სამხედრო ლობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა, ხოლო აშშ-მ ავღანეთისთვის მომგებიანი ვერტმფრენები შეიძინა, რომელის მართვის გამოცდილებაც ადგილობრივ პილოტებს უკვე აქვთ. შესაბამისად, აშშ-ს მათი მომზადება და ზედმეტი თანხების გაღება აღარ მოუწევს.

 

ამ საკითხზე საუბარი დაახლოებით წელიწადია, რაც მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებს დროს, ნატო რუსეთის დარწმუნებას იმაში ცდილობდა, რომ საფრენი საშუალებები ქაბულისათვის უსასყიდლოდ გადაეცა, თუმცა, რუსულ მხარეს ეს ვარიანტი არ მოეწონა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო მოლაპარაკებებში აშშ და გარიგებაც შედგა.