სოფიო ქაცარავა: სრული პასუხისგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს

  17:12:34     26-02-2018

"უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს".

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

”ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მოახდინოს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები, ასევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ"- აღნიშნა მან.

სოფიო ქაცარავას თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკვე გაკეთდა მკაცრი განცხადებები და არის მზაობა, რომ მათ აღმოგვიჩინონ დახმარება გამოძიების პროცესში. დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, იგეგმება ამ საკითხის დაყენება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე. ასევე, ამ ფაქტის განხილვა გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე.

"არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მიმართულებით, რაც ქმნის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ რეზოლუციაზე, სადაც ყველა სხვა საკითხთან ერთად შევა ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვების და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხები" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.