სალომე სამადაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" მრავალი წელი უმოქმედობით დაკარგა

  16:50:01     26-02-2018

"რეზოლუციის მოთხოვნა დაგვიანებულია, "ქართულმა ოცნებამ" მრავალი წელი უმოქმედობით დაკარგა".

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს.

"სამწუხაროდ, რეზოლუციის მოთხოვნა საკმაოდ დაგვიანებულია. წლების წინ უნდა დაწყებულიყო ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ ტერიტორიებზე მისიის დაშვება მომხდარიყო. ამის ნაცვლად "ქართულმა ოცნებამ" მრავალი წელი დაკარგა უმოქმედობით, რის შედეგადაც ჩვენი ოკუპაციის თემატიკა ფაქტობრივად, გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ტატუნაშვილს და საქართველოს არაერთ მოქალაქეს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დასაცავად.

"რა თქმა უნდა, ყველანაირ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგმება ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, ჩვენი ფრაქცია და "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მხარს დაუჭერს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.