აკაკი ბობოხიძე: აზიური ფაროსანა კალენდარს არ უყურებს

  13:44:42     26-02-2018

„აზიური ფაროსანა კალენდარს არ უყურებს, ის უყურებს ტემპერატურას, გვაქვს ძალიან თბილი ზამთარი და ალბათ, გაცილებით უფრო ადრე მოგვიწევს პირველი შეტაკება ამ პრობლემასთან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილის  მოსმენა გაიმართა. 

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ გამართული აგრარულ კომიტეტის სხდომა იყო ძალიან საქმიანი, სადაც  წარმოადგინეს გეგმა, რომლის ერთი ნაწილი ეხება ტექნიკისა და წამლების ყიდვას.

„არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარტივად განსახორციელებელი იმიტომ, რომ წამალს უშვებს სხვა, ტექნიკას უშვებს სხვა და ჩვენ მხოლოდ ვყიდულობთ. ამის შემდეგ რა ხდება, როგორ ხერხდება ორგანიზება, აქაა მნიშვნელოვანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი. მაშინ ითქვა, რომ ორივე კომპონენტი - სახელმწიფო და კერძო იყო გათვალისწინებული. მოსახლეობას უნდა შეეწამლა თავისი საკარმიდამო ნაკვეთები და სახელმწიფო შეწამლავდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიღმა. თუ ეს გეგმა ისევ ძალაშია, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ბატონო ლევან. 

სოფლის რწმუნებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავ რომ რაიმე მზადება მიდის. სოფლებში არ არის აღრიცხული რამდენი კომლია დაკეტილი და არ ცხოვრობს ადამიანი. რომელ სახლებში ცხოვრობენ მოხუცები, რომლებიც უბრალოდ ვერ შეწამლავენ. არ არის აღიცხული, ვის აქვს აპარატი და ვის - არა. თუ გეგმა შეიცვალა და სახელმწიფო იღებს მთლიანად თავის თავზე, მოდით, მაშინ ამაზეც გავაკეთოთ შეხვედრა, რომ ვიცოდეთ, რას გეგმავთ. თუ ისევ იგივე გეგმით მივდივართ, რომ ორივე კომპონენტია, მაშინ გარწმუნებთ, რომ ვაგვიანებთ და ამასთან დაკავშირებით მაშინ ცალკე შეხვედრა კიდევ გავაკეთოთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.