„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა: ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა

  12:45:22     26-02-2018

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

​როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. 

„საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება. ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. 

ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში. ამის შესახებ მთავრობამ იცოდა, თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. "ქართული ოცნება" არც წელს გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთ საქართველოც. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მთავრობას პრობლების მასშტაბები ესმის. მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში აქვთ ხელისუფლების მიერ ნაყიდი პრეპარატების მიმართაც, რადგან არავის უფიქრია მათი საკმარისად ინფორმირება. დღეს უკვე შეწამვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაგვიანებულია. 

„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. 

ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც.

გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიც არის", - განაცხადა გიგი უგულავამ.