“პირველად საქართველოში 1976 წელს ჩამოვედი... ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა"

  18:01:58     22-02-2018

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვდრას მართავს. ,,საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დავემშვიდობები“ - განაცხადა მან შეხვედრაზე.

მისი თქმით, საქართველოში პირველად 1976 წელს ჩამოვიდა, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა.

“მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ, ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, დიპლომატიური კარიერის მანძილზე საქართველოს ბევრჯერ ესტუმრა და აკვირდებოდა, როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღელისგან, როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებას და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც, არცერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა.

ელჩის განცხადებით, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას, მასში განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა ქვეყნის სწრაფი სვლა მომავლისკენ.

იან კელის გამოსვლის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს.