საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

  15:38:09     22-02-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული შიდა საკადრო ცვლილებების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, ასევე რამდენიმე რაიონსა და რეგიონში ახალი პროკურორი დაინიშნა.

„საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილი მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე“, - ნთქვამია პროკურატურის განცხადებაში.