სოლომონ დოდაშვილი: "ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?”

  12:02:53     28-05-2011

1805 წლის 17 მაისს სოფელ მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი) დაიბადა ცნობილი ქართველი ბელეტრისტი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, პედაგოგი, განმანათლებელი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - სოლომონ დოდაშვილი.

 

სოლომონ დოდაშვილმა თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ქართველი, მიუხედავად წოდებრივი წარმოშობისა, შეიძლება იყოს გენიოსი. სოლომონ დოდაშვილის წინაპრები არათავადზნაურული წრიდან იყვნენ. დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელმა, უბრალო მღვდლის შვილმა, კარგი განათლების მიღებით შეძლო გამოევლინა თავისი გენიალური ნიჭი, რომელიც დაუნჯებული, გამოუვლენელი იყო მის ქართულ, “დაბალი სოციალური წრის” გენში და შესანიშნავი საზოგადო მოღვაწეც გახდა.

 

მანამდე ყველას ეგონა, რომ მხოლოდ მეფისა და თავადთა ოჯახიდან შეიძლებოდა გამოსულიყო დიდი ტალანტის მქონე ადამიანი. რა თქმა უნდა, ადრე მხოლოდ მეფისა და მდიდარი თავადების ოჯახებში შეეძლოთ ბრწყინვალე განათლების მიცემა შვილებისათვის. ეს გვიან შუა საუკუნეებში, თორემ განვითარებულ შუა საუკუნეებში არა ერთი გლეხის შვილის წარმატება ვიცით შემოქმედებაში, რომელთაც ეკლესიაში ზრდიდნენ. სხვათა შორის, იმ ოთხმოცი ქართველი ბავშვიდან, რომლებიც დიდმა გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა ბიზანტიაში აღსაზრდელად, საკმაო ნაწილი გლეხთა შვილები იყო.

 

XIX საუკუნის დასაწყისში აზნაურებსაც კი უჭირდათ კარგი განათლების მიცემა შვილებისათვის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აზნაურთა უმრავლესობაც თავადების საკუთრება იყვნენ, ამასთან ქონება ნაკლებად ჰქონდათ საკმარისი. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ აზნაურთა და თავადთა წრეები უფლებრივად რუსეთის ცარისტული რეჟიმის გაერთიანებულია. აზნაურებს დაწინაურების მეტი შანსი მიეცათ. ამან გამოიწვია აზნაურთა მომრავლებაც ხელოვნებისა თუ საზოგადოებრივ აასპარეზზე.

 

რამდენს დავკარგავდით, სოლომონ დოდაშვილს რომ განათლება არ მიეღო. ზოგს სურს ისტორიის იდეალიზება, მაგრამ სოციალური და მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით გვიან შუა საუკუნეებში, გლეხთა ჩაგვრა მართლაც უმძიმესი იყო საქართველოში. ვისაც არ გჯერათ, ილია წაიკითხეთ.

 

1818 წელს სოლომონ დოდაშვილი შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში. 1820 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში. მერე სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. შეესწრო დეკაბრისტების აჯანყებას პეტერბურგში (დეკაბრისტებს შორისაც ბევრი ოხერი შოვინისტი იყო). მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა, მოახერხა და თავიც გამოიჩინა სწავლაში. იქვე დაწერა თავისი ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომი "ლოგიკა". პეტერბურგში გაიცნო და დაუახლოვდა თეიმურაზ, ბაგრატ და იოანე ბატონიშვილებს და სხვებს. უნივერსიტეტი დაამთავრა 1827 წელს, მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის წოდება და დაბრუნდა სამშობლოში. იყო გაზეთ "ტფილისი უწყებანის" (Тифлисские ведомости) ქართული გამოცემის რედაქტორი. პარალელურად დააარსა მისი დამატება – ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”.

 

მუშაობდა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში პედაგოგად. ასწავლიდა ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას. წერდა სახელმძღვანელოებს, სტატიებს. "განათლება არს უუმტკიცესი და უუსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა” - წერდა ის.  მისი ერთ-ერთი მოწაფე გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილი. დიდი იყო სოლომონ დოდაშვილის პატრიოტული იდეების გავლენა თავის შეგირდებზე, ასევე მის თანამედროვე წარჩინებულ თავადებზე. ენციკლოპედიური განათლების დოდაშვილს დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში. „აწინდელსა განსვენებითსა მდგომარეობასა შინა მამულისა ჩვენისასა ყოველმან კაცმან მიაქცია ყურადღება განათლებასა ზედა; მაშასადამე, ყოველი წოდება, ყოველი მდგომარეობა უნდა მოელოდეს, რომელ მათ ეყოლებათ კაცთმოყვარენი, სარწმუნონი და ერთგულნი თანმემშრომელნი, შემწენი და მფარველნი" - იმედოვნებდა სოლომონ დოდაშვილი.

 

სოლომონ დოდაშვილის დამსახურება დიდია ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. 1830 წელს დაიბეჭდა მისი სასკოლო გრამატიკა - ,,ქართული ღრამმატიკა” (მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია). მის ნაშრომში "რიტორიკა" განხილულია ხელოვნების თეორია და სხვა. მას ეკუთვნის "მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა", სადაც მოცემულია ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდა. იქვეა მიმოხილვა ქართველ მწერალთა, მთარგმნელთა და ფილოსოფოსთა მოღვაწეობისა. მნიშვნელოვანია მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, წერილები იონა ხელაშვილისადმი, ბერ ბილადელფოს კიკნაძისადმი, ანა დედოფლისადმი, ოქროპირ ბატონიშვილისადმი და სხვა.

 

სოლომონ დოდაშვილი გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული შეთქმულებისა. ღალატის შედეგად 1832 წელს ჩავარდა შეთქმულება, რომელსაც წლების მანძილზე ამზადებდნენ ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით. შეთქმულნი დააპატიმრეს და დასაჯეს. ბევრ მათგანს მიუსაჯეს გადასახლება. ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის თხოვნით დაწერილ "სიტყვა მოწოდებაში" სოლომონ დოდაშვილი აცხადებდა:

 

"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება.…

ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?

ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!

მაშ რაისათვის ვცოცხალვართ?!

 

სოლომონ დოდაშვილი 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, სადაც გარდაიცვალა  ჭლექით. ეს მოხდა  1836 წლის 20 აგვისტოს. მაშინ სულ 31 წლისა იყო.