აშშ შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს

  18:47:52     20-02-2018

ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად რეგიონში ორი ამერიკული სამხედრო გემი იმყოფება. მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი კარნი შავ ზღვაში სამი დღის წინ შემოვიდა და მეორე ხომალდს როსს შეუერთდა.

მეექვსე ფლოტის მეთაურის განცხადებით, საზღვაო პატრულირებაში ორივე გემი ერთდროულად ჩაერთვება.

ექსპერტების შეფასებით კი, პენტაგონის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი გზავნილია რუსეთის მიმართ, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის რეგიონში საგრძნობლად გააქტიურდა.

ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მობილური გემები აშშ-ის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავენ.

“შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა ნათელი დემონსტრირებაა, რომ აშშ-ი მხარს უჭერს რეგიონში სტაბილურობას, ნავიგაციის უსაფრთხოებას და ნატოს წევრი ქვეყნებისა და მისი პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის პრინციპების ერთგულია”, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვესე ფლოტის განცხადებაში.