არჩილ თალაკვაძე: უვიზო რეჟიმის თემაზე საუბარი არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია

  13:43:36     20-02-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას ევროკავშირი არ აპირებს, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს, საპარლამენტო ოპოზიცია, სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე რეალურია.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა:

- რა საფუძველი აქვს განცხადებებს იმის შესახებ რომ ვიზალიბერალიზაციის თემა საქართველოსთან მიმართებაში ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს?

-ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის დაწყებული სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია.  საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.

-აქცენტი კეთდება მიგრაციის პრობლემებზე, რომელიც ასევე ეხება საქართველოს...

​-გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით არსებობს, საქართველოს აქვს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატები ევროპელ კოლეგებთან. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სადმე, რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. დამიჯერეთ, იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ან ამოძრავებთ ვიწროპარტიული ინტერესები, ან ისინი უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან.

-ევროკავშირის სივრცეში მწვავედ დგას თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი, ასევე მიგრანტთა მიერ ჩადენილი დანაშაული. ამ კონტექსტში საქართველო რით განსხვავდება სხვა მიგრანტებისგან?
 
-ეს არ არის საკითხი, რომელიც დღეს და გუშინ გახდა აქტუალური. როდესაც შსს-ში ვმუშაობდი, მაშინაც გერმანელ კოლეგებთან გვქონდა ნაყოფიერი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი.