მერაბ კოსტავას ლექსები
12:27:12     27-05-2011
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
თავიდან ასე იყო მხოლოდ. მერე იმდენი იბრძოლა მერაბ კოსტავამ თავის მეგობართან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ მისი დაბადების დღე ისევ გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა რომ გაიმარჯვებდა, რამდენიმე პროფეტული "არგუმენტით" ჩანდა:
1. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი, მერაბ კოსტავა, დაბადებული იყო სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა, ეს განგებამ განგებ მოაწყო;
2. სხვა ლიდერი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, ქართული მწერლობის კლასიკოსის ვაჟი გახლდათ. თან ორივე ლიდერი პოეტი იყო. მაშასადამე ქართული მრავლისშემძლე მწერლობა, ქართული იდეოლოგია ბრძოლაში ჩაერთო;
3. ეროვნული მოძრაობის ორივე ლიდერს ჰქონდათ ჭეშმარიტი მეგობრობა, როგორც ავთანდილს და ტარიელს. ავთანდილისა და ტარიელის ნებას წინ რა დაუდგებოდა.
საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წელის 26 მაისს. როგორი სიხარული იქნებოდა მათ ოჯახში, თანაც ორმაგი: შეეძინათ ვაჟი და თან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა სულ 18 წლის დაკარგული ჰქონდა საქართველოს, თარიღი ხომ ყველას ახსოვდა. მით უმეტეს, მათ ოჯახში, ოლღა დემურია-კოსტავასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა ვლადიმერ კოსტავა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. ბიძა, გრიგოლ კოსტავა ცნობილი მსახიობი და პოლიტპატიმარი...
მერე... მისი ბიოგრაფია ყველამ ვიცით... მას საქართველოს "სინდისი უწოდეს".
როცა საქართველოს მტრებმა ჩვენი დაღუპვა კვლავ მოისურვეს, მეგობრებს შორის შუღლის ჩამოგდება გადაწყვიტეს, მაგრამ "ავთანდილსა" და "ტარიელს" როგორ დააპირისპირებდნენ ერთმანეთთან. მერე სხვაგვარად "დააშორეს", მერაბი მოუკლეს მეგობარს... მერე კი მერაბის მეგობარიც მოკლეს.
საოცარია, თითქოს, და არც არის საოცარი. საქართველოს ყველა ლიდერი სიტყვის ოსტატიც იყო. თუ გიჭრის კალამი და ქართული სიტყვის მადლს ფლობ, ეროვნული მოძრაობის ავანგარდშიც შეგიძლია ჩადგე.
მერაბ კოსტავა არ არის მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი თუ საქართველოს სინდისი. ის შესანიშნავი პოეტიც გახლავთ, "დაუშრეტელი ოქროპირი".
შესანიშნავად ფლობს ლექსიკას, ორიგინალურად აყალიბებს ფრაზას, მშვენივრად ჩამოქნის რითმას, ემოციურად გადმოგცემს შინაარსს და ძალიან თბილად გხვევს სამშობლოსა თუ უფლის სიყვარულში, მერე კი მისი პოეზიით აღტაცებული შენც მოისურვებ გახდე გმირი ან "საიდუმლოდ ათონის მთიდან თორნიკესავით დაბრუნებული"...
მერაბ კოსტავას ლექსები სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს. ჩვენ ისედაც შესანიშნავი პოეზია გვაქვს, ამ მხრივ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ, მერაბმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი პოეზია.
ერთხელ უნივერსიტეტთან შეგვხვდა ახალგაზრდებს. საბედნიეროდ ახლოს ვიცნობდით (თუმცა, ვინ არ იცნობდა). საღამო იყო. შინ წაგვიყვანა და რამდენიმე საათი აღფრთოვანებული გვიკითხავდა უცნობი პოეტის ლექსებს, რომელიც ავტორს ხელნაწერი სახით გადაუცია მისთვის...
მის პოეტურ და მამულიშვილურ გულს აღფრთოვანების დამალვა არ შეეძლო. მოდი, ჩვენს აღვფრთოვანდეთ, კიდევ ერთხელ, მისი რამდენიმე შესანიშნავი ლექსით.
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს
ართა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".
ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.
ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.
სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.
როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.
ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.
უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
* * *
შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.
გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.
არ მითხოვია შავი დღისათვის
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი,
არ განმიკითხო ცოდვებისათვის,
არ დამიტეო უძღები შვილი.
ოდეს ვირეკდე, განმიღე კარი,
ელვავ, ღრუბლებში შემოპარულო
და განმიახლე სულის საყდარი,
სასოებაო და სიხარულო.
როდესაც წართქვი: "იყავნ ნათელი",
აღენთო ჭაღი მზიანი ღამის.
აელდა თვალი, ტაძრის სარკმელი,
განმმარტებელი სანთელი გვამის.
შენ მიანიჭე ნათელი იმ მზეს,
რადგან გწადია ჩვენც გაგიმზევდეთ,
რომ იმავ თვალით, რომლითაც გვიმზერ,
შენვე გხედავდეთ, შენვე გიმზერდეთ.
მაშ რაღას ვაქნევ წელთა სიბერეს,
რაღას დამაკლებს ჟამთა დინება.
თუკი მეოხად ხმა შენმიერი
და შენი მადლი მომეფინება.
სული მარტვილი აღვაპყარ შენდა,
ოდითგან ქმნილი შენეულ ხატად,
გულის სიღრმეში დაფარულს ხედავ,
დაფარულთათვის მიმაგებ ცხადად.
და დაფარული თუ გაცხადდების,
იმ პირველ სიტყვას მადლით მთოვარო,
ღირსად მყავ შენი გამოცხადების,
დამბადებელო და მაცხოვარო.
თუ სიდიადე იმ პირველ თქმულის,
საღვთო სინედლის არის პირობა,
მომმადლე ლექსით აღვსებულ გულის,
დაუშრეტელი ოქროპირობა.
ცდაში მარჯვენა არ მომიცარო,
აბჯრად ამასხი ძალი თმენისა,
უკვდავებისა შთამასვი წყარო,
შემასხი ფრთენი აღმაფრენისა.
და მაშინ ვიტყვი, მსხვერპლი შენთვისაც
ეკლიან გზებზე ავათავთავე,
რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც,
სასუფეველი არის სათავე.
იმედი იგი, ყოვლის მძლეველი,
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის,
რადგან კაცთაგან შეუძლებელი,
შესაძლებელი არის ღვთისათვის.
ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო.
ღვთისმშობლისადმი
ადამის მოდგმა დაობლდა
თუ გველი გაწვა ცაზედა,
ედემში ალვა ჰყვაოდა
აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.
სოფლისა წარმავალობამ
გამიასკეცა ჭრილობა,
თუ მიხსნის, შენი წყალობა
და შენი წილხვდომილობა.
შენგან, შენგან განიდიდა
და განახლდა მიწა ძველი.
შენ დაჰბადე სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.
ანგელოსთ დასმა გადიდა
უკვდავი სიტყვის მშობელი
მე ბაგით, მწიკვლევანითა
ვით გკადრო საგალობელი.
ვნებანი ვეღარ წარვხოცე,
ავმან, საავდროდ ვიავე,
ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი
გავფანტე, გავანიავე.
სული მომმადლე თმენითა,
გამოუთქმელო ენითა,
ხრწნილებათაგან დამიხსენ
უხრწნელებითა შენითა.
თუ რამ ვცოდე, მომიტევე,
დამიშრე ცრემლთა ტბორები,
ნუ სადა მე დამიტევებ,
ნუ სადა განმეშორები.
სინანული განმიახლე
სიწმინდეო შეუვალო,
ტაძრად ღვთისად მიმაახლე
ღმრთისა სძალო დედუფალო.
შენგან, შენგან განიდიდა
და განახლდა ზეცა ძველი
მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.
დაუსაბამო ნათლის ცისკარო,
სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,
შენდა გღაღადებ ყოველ ცისმარე
უბიწოო, შეუგინებელო.
შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,
შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი.
შენ თვალო სულიწმინდისა,
ადამის მოდგმის გაისო,
ცისკენ გამდებო ხიდისა,
სერაბინთ უზესთაესო,
წინაშე ძისა შენისა,
მას დღესა განკითხვისასა,
ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი
გვექმენი შუამდგომელი.
* * *
ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,
მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,
საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,
შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.
ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,
საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,
რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.
და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,
ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,
წავალ, წამყვება საშინელი მონანიება
და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.
ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,
სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,
სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები
დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს.