გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

  13:30:28     13-02-2018

"რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოითხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციას.

რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად მოხდება მისი ექსტრადირება, გია ვოლსკის განცხადებით, მოლოდინებზე ლაპარაკი ვითარების შესაბამისი არ არის.

"განხილვის მოლოდინი შეიძლება გქონდეს, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, ქართული მხარის აქტივობა ხშირ შემთხვევაში, არ არის განმაპირობებელი იმ გადაწყვეტილების, რასაც სუვერენული ქვეყნა იღებს.

"უკვე 2006 წლიდან პირადად მე, ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდიოდა სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობდა და საკმაოდ ცუდი სურათი დაიხატა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა ჩვენთვის სამწუხარო შედეგებით. ეს არის სერიოზული შეფასება იმ მოქმედების და საქციელის, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არის კიდევ მეორე მხარე, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს წარმოგვიდგენს, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი ცხოვრების და პოპულიზმის რაღაც მწვერვალებზეა ასული, თუმცა ამის შედეგი როგორც ვხედავთ, საკმაოდ დაბალია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.