გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება

  10:24:44     12-02-2018

„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შეჯერების შესახებ რაიმე ფასეულობას და წონას ატარებდეს“, -  ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება. თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს. ჯერჯერობით ვერც პერსპექტივაში ვხედავ, რამდენად იქნება მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.

როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „განსხვავებულ აქცენტებში“ აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არ გაერთიანება დანაშაულია. 

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე საუბრისას მის ყოფილ თანაპარტიელებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთანაც“ შედგეს. „მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორიც არის ინაშვილი და ვიღაცეები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან“ არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოში“ არიან, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.