თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოზე: პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს

  15:05:29     08-02-2018

"მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სიტუაცია დაპირისპირებაში არ გადავიდეს და მხარეებმა ერთიანობა შეინარჩუნონ, რადგან ეს პირველ რიგში თავად სასამართლო სისტემას დააზარალებს".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ დაპირისპირება სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ორგანოს დააზიანებს.

"ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს. შესაბამისად, თავად შევიკავებდი თავს, იმის გარჩევაში შევიდე, თუ რა ხდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. ერთადერთი ვისურვებდი, რომ საბჭომ მოახერხოს და გარკვეული ერთიანობა შეინარჩუნოს ან მოიპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, ან კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირისპირებაში არ გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება”,- აღნიშნა თამარ  ჩუგოშვილმა.

რამდენიმე დღეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

პოლიტიკოსები საბჭოს არამოსამართლე წევრებზე მიზანმიმართულ ზეწოლაზე საუბრობენ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. მათი აზრით, საბჭოში წინა წლებისგან განსხვავებით, არსებული კამათი სწორედ იმის მანიშნებელია, რომ უწყება თავისუფალი და დამოუკიდებელია.