ოპოზიცია: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანური მმართველობაა

  12:55:16     07-02-2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანური მმართველობაა და ამის შედეგია ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის, - ასე გამოეხმაურა საპარალამენტო ოპოზიცია იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

„ეს ორგანო იქცა ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ რაღაც ჯგუფად, პატარა კლანად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიახლე სტატუსკვოსი თვითონ იუსტიციის საბჭოს შიგნით ამ საბჭოს წევრების უმრავლესობისთვის მიუღებელია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს შეტევა, რომელიც მათ ანა დოლიძის წინააღმდეგ მიიტანეს,“- განცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის წევრების აზრით, იუსტიციის საბჭოს წევრები ანა დოლიძეს ცენზურას უწესებენ, რომ მან მოსამართლეების რეალური საქმიანობა არ შეაფასოს.

„აშკარაა, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში არის ჩამოყალიბებულია მოსამართლეების კლანური მმართველობა, რომლებიც ასრულებენ პირდაპირ ხელისუფლების დაკვეთას. ვხედავთ, რომ ისინი იუსტიციის საბჭოს წევრს უწესებენ ცენზურას, რომ მან რეალური შეფასება გაუკეთესო მათ საქმიანობას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.