თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური ჩამომხრჩვალი იპოვეს

  17:30:23     06-02-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური ტაბახმელას ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თ.ს.-ს ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაში 28 იანვარს განაცხადეს, ცხედარი კი 4 თებერვალს, მწყემსმა იპოვა.

"28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე.

3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად,  დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ.ანწუხელიძის სახ.სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი.

4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თ.ს. გარდაცვლილი იპოვა (ხეზე იყო ჩამომხრჩვალი). ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.