ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილების ოჯახს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს

  14:12:03     01-02-2018

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს. 

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ მაჩალიკაშვილების ოჯახთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მას უხუცესები ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ.

რატომ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და რატომ აიგივებენ პანკისის ხეობას ტერორიზმთან - პანკისის მოსახლეობა მთავარი პროკურორისგან პასუხს, სწორედ ამ კითხვებზე ითხოვს. პანკისელები ფიქრობენ, რომ მათი კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

უხუცესები გამოძიების დროულად და ობიექტურად ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

„ჩატარდეს გამოძიება ობიექტურად და როგორც საჭიროა და არაფერი მიწერ-მოწერები არ ჰქონდეს. ამას ითხოვს ხალხი, ჩვენ ამას ვითხოვთ. უნდა დასრულდეს გამოძიება ობიექტურად და სუფთად, როგორც საჭიროა,“- განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესი, პლატონ გუნაშაშვილმა.