ირაკლი აბესაძე: თავდაცვის სფეროში მდგომარეობა არის საგანგაშო

  13:14:30     01-02-2018

„მავნებლურია ის თანხები, რომელსაც ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ხარჯავს“, - ამის შესახებ პარლამენტის ნდობის ჯგუფისა და  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

პარლამენტარის თქმით, აუდიტის დასკვნა თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით, მეტყველებს, რომ თანხები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ნაცვლად, დაიხარჯა სამოქალაქო პერსონალზე.

ირაკლი აბესაძე აუდიტის დასკვნის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა და მოითხოვს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ძალოვან მინისტრებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართოს.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი არ შეესაბამება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზანს და სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხმარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნაც ცალსახად ადასტურებს ჩვენ მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებას, რომ სფეროში მდგომარეობა არის საგანგაშო. იმ ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების გარდა, რომელიც აღწერილია აუდიტის დასკვნაში, ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული პოლიტიკა თავდაცვის სფეროში არის მცდარი და მავნებლური ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.