საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება, რომელსაც თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს

  15:32:44     31-01-2018

პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელწოდებით – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს – სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემისა და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც მოქალაქის მოკვდინებით შეიძლება დასრულდეს; ასევე, მეორე მიმართულება იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში და კანონიერების პრინციპის დაცვის კონტროლი.

„წარმოვადგენთ, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ექსპერტთა წრეების წინაშე კანონპროექტს, რომელიც ძალოვან უწყებასთან არის შეჯერებული. მასში გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იკისრა. თუკი ეს გაზიარებული იქნება პარლამენტის მიერ, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს სახელად – სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, რომელსაც საქმიანობის სამი მიმართულება ექნება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, ახალ საგამოძიებო მექანიზმს თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.

„თამარ ქალდანს წელიწადნახევარში ეწურება უფლებამოსილების ვადა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მხარს დაუჭერს პარლამენტი, ეს საგამოძიებო მექანიზმი ამოქმედდება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. რამდენიმე თვე ის ამ ფუნქციას შეითავსებს და შემდეგ პარლამენტს მოუწევს, ახალი ხელმძღვანელი ხუთი წლის ვადით აირჩიოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.