ოპოზიცია: „ყვარელრემმშენის" ლობისტი „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილია

  18:39:30     30-01-2018

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ აწარმოა, რომლის დამფუძნებლებიც, ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი გუნდთან არიან დაკავშირებული. 

კომპანია „ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელის და დამფუძნებლის, გიორგი ჯოხარიძის მეუღლე, მირანდა ფირანიშვილი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და მეტრო „ვარკეთილთან“ თავისი ნებით მივიდა, მისთვის არავის არ დაურეკავს.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ კომპანიას ლობირებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კერძოდ, ბატონ დავით მათიკაშვილზე არის საუბარი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის არის მისი ბავშვობის მეგობარი და სწორედ ამიტომ მოხდა თვალის დახუჭვა“, - ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შეფასებისას გააკეთა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში "ყვარელრემმშენმა" განხორციელდა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნულმა კომპანიამ ყვარელში დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რი გამოც, დაჯარიმდა კიდეც.

„ეს იყო კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, შავ სიაში იყო შეყვანილი გამომდინარე იქიდან, რომ მან ყვარელში ვერ შეასრულა მთელი რიგი ვალდებულებები და ის ამის გამო დაჯარიმდა კიდეც, თუმცა მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის გარემონტებას, ეს უგულებელყო შესაბამისმა სამსახურმა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.


თბილისის საკრებულოს წევრის თქმით, აღნიშნული კომპანიის მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შესრულებულ სამუშაოებს საგარანტიო ვადა 10 წელი ჰქონდა.

„საგარანტიო ვადა დოკუმენტების მიხედვით ამ სარემონტო სამუშაოებს უნდა ჰქონოდათ 10 წელი, თუმცა, როგორც ვნახეთ, არანაირი 10 წელი, ფაქტობრივად, 4 თვე ვერ გაძლო ამ კონკრეტულმა ჭერმა,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
დღეს დილით მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.