„გირგვლიანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხელის დაფარება არავის არგებს“

  14:31:47     30-01-2018

„გირგვლიანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხელის დაფარება არავის არგებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, არის თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. გირგვლიანის შესწორებები მიმართული პრეზიდენტის შეწყალების უფლების წინააღმდეგ.

„მე ცოტა ხნის წინ ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ეს გამოსვლა დაემთხვა (თუ როგორ იყო, არ ვიცი), გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს. მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ, იყო ხელისუფლების ძალიან დიდი დანაშაული. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, საპარლამენტო  ფრაქცია "ქართული ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების - ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.