„მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“

  14:25:08     30-01-2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით  დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ზოგადად სამუშაოები გასატარებელია.

„როდესაც საარჩევნო შტაბში თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია მეტროში. მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს მოითხოვს სერიოზულ რესურსებს. ამ ყველაფერში მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გაგრძელდება მეტროს რეაბილიტაციის პროექტი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში .

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას, მისი განმარტებით, რისი გაკეთებაც საჭიროა კანონმდებლობის დონეზე, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ, დანარჩენი კი კონკრეტული პროექტების და პროგრამების საქმეა, რომლებიც, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.