დავით ბაგრატიონი (გამგებელი)

  20:46:54     25-05-2011

1819 წლის 25 მაისს გარდაიცვალა მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი დავით ბაგრატიონი (ბატონიშვილი). მას დავით XII-საც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეფედ ნაკურთხი არ იყო. თუმცა, მეფობა კი ეკუთვნოდა ქართული კანონებით (მერე თვითონაც დაამუშავა ქართული სამართალი, მათ შორის ლეგიტიმიზმის წესები).

 

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII გარდაცვალების მერე ტახტზე უნდა ასულიყო მისი მემკვიდრე, უფროსი ვაჟი დავითი. ასეთი იყო ქართული ლეგიტიმური წესი და ასე უნდა ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით. მეტიც, ამგვარი იყო მოლაპარაკება გიორგი XII და რუსეთის იმპერატორ პავლე I შორის. მართალია, მას ბიძები (ბებიანაცვალ დარეჯანის ჩაგონებით) ეცილებოდნენ ტახტის მემკვიდრეობას, თავის დროზე ერეკლე II მიერ მიღებული კანონის "მიხედვით", რომელიც მემკვიდრეობის წესს ცვლიდა და ტახტის მემკვიდრედ მეფის მომდევნო ძმას ასახელება (ამ კანონის შემუშავება მოხდა დარეჯან დედოფლის ინიციატივით). მაგრამ, დავითის ძმები და პროგრესული განწყობის ქართველები მის მხარეს იყვნენ. ერეკლესეული კანონიც გაუქმებული იყო, დავითი ოფიციალურად გამოცხადებული იყო ტახტის მემკვიდრედ, ამას ცნობდა რუსეთის იმპერიაც.

 

გიორგი XII გარდაცვალების მერე დავით ბაგრატიონს სოლომონ ლიონიძე და სხვა პატრიოტები ეხვეწებოდნენ წასულიყო სვეტიცხოველში და "დაგვირგვინებულიყო მეფედ", მაგრამ, მან არჩია დალოდებოდა პავლე იმპერატორის წერილს. ხელშეკრულებების მიხედვით, რუსეთის იმპერატორს უნდა გამოეგზავნა მისთვის სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, კვერთხი, ხმალი) და დაემტკიცებინა "ქართლ-კახეთისა და სხვათა" მეფედ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ის შესანიშნავი სარდალი გახლდათ).

 

მაგრამ, პავლესგან მოვიდა წერილი, სადაც იტყობინებოდა, რომ საქართველოს  (ქართლ-კახეთს) ამიერიდან აღარ ეყოლებოდა მეფე, არამედ ეყოლებოდა გამგებელი, ხოლო მეფე თვითონ იქნებოდა, პავლე I. გამგებლად პავლემ I დანიშნა დავით ბატონიშვილი (დავით გამგებელი).

 

პავლე I მიხედვით, თითქოს ასეთი იყო მოლაპარაკება მასსა და დავითის მამას, მეფე გიორგის შორის. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად გახლდათ. გიორგი XII მართალია რუსეთის იმპერატორს ანდობდა, აბარებდა ქართლ-კახეთის მართვა გემგეობის ბევრ საკითხს, მაგრამ სამეფოზე, დინასტიის შენარჩუნებაზე და ავტონომიაზე უარი არ უთქვამს. გარდა ამისა, რაც მთავარია, გიორგი XII და პავლე I შორის მიმოწერას არ მიუღია სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების სახე, როგორც, მაგალითად, ერეკლე II და ეკატერინე II მოლაპარაკებები დამთავრდა გეორგიევსკის ტრაქტატით.

 

მოკლედ, რუსეთმა ვარაგულად დაარღვია გეორგიევსკის ხელშეკრულება და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. დავით ბატონიშვილი ტახტზე ვერ ავიდა (ნეტავ გაებედა და "დაგვირგვინებულიყო მეფედ"). მალე გამგებლობაც წაართვეს და პეტერბურგში გადაასახლეს, ვინაიდან ეშინოდათ, ქართველები ტახტის მემკვიდრეს წინ დაიყენებენ და აჯანყდებიანო. 1812 წელს ასეც მოხდა, აჯანყებულმა კახელებმა დავითის ძმის, იოანეს შვილი, გრიგოლი მეფედ გამოაცხადეს და აჯანყდნენ...

 

პეტერბურგში ცხოვრებისას დავით ბაგრატიონმა თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული მეცნიერების განვითარებას. იყო მწერალი, პოეტი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატორი, ვოლტერის მთარგმნელი (ვოლტერის პირველი მიმდევარი ქართველთა შორის), სამართალმცოდნე, ფიზიკოსი...

 

დავით ბატონიშვილის თავგადასავალზე სიყმაწვილისას და სამეფო ოჯახის ამბებზე პრესა.გე-ს მკითხველი წაიკითხავდა სტატიაში "მუხანათობის ზღვართან" მდგარი რუსული პოლიტიკა და სამეფო ოჯახის სისუსტე" (ამა წლის 2 თებერვალს). დღეს კი დავით ბაგრატიონი გავიხსენოთ, როგორც პოეტი. გთავაზობთ მის ორ ლექსს, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა, როგორც პოეზიის თვალსაზრისით, ისე ისტორიულადაც.

 

გამიფრინდა სიხარულის ფრინველი

 

გამიფრინდა სიხარულის ფრინველი

შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა,

დავშთომილვარ ასე აწ უნუგეშოდ

უბადობის გამო სხვისა და სხვისა.

 

რად შესჭრიან მზესა წვრილ-წვრილნი ხმალნი?

შეუმოსავს მასვე ლამაზად ალნი,

ვგუშაგობ, არ ეცეს მჭვრეტელთა თვალნი,

რაყიფთა გამო სხვისა და სხვისა.

 

აღარ არის გავსილ, როს ვნახე, მთვარე,

მე, გლახ, მჭვრეტს შემქმნია აწ დღენი მწარე,

რად შეჭმუნვით არის, არ მოცინარე?

ვგონებ ურვის გამო სხვისა და სხვისა,

 

შენის ეშყის მომხვდა ისარი გულსა,

ვინღა დამიპლასტრავს ამ ჩემსა წყლულსა?

ყარიბი აწ უძღვნი ძღვნად ჩემსა სულსა

მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა.

 

შენი დისკო

 

გულს ასხივე შენი დისკო, სხივი, მზევ,

შავის ღრუბლით მომივლინე არია,

აფროდიტო, რისთვის შენკენ აღარ მზევ,

ამად ვხელობ, ცნობა ესგვარ არია.

 

წამწამ შენთა, ლახვარ შენთა შენება,

მარიხს ნებავს ღაწვთა საგნად შენება,

ხამს, გლახ გულო, მოადგილედ შენ ება,

ამისთვის, რომ აფსინდისა არია.

 

ვარდი დასჭვა, მზემან შუქი აღარა,

ბულბულისა ნარგიზები აღარა,

არ იწყალა ის საკვდავად, აღარა,

უპასუხა: "წარე, სუმბულს არია".

 

დასჭრა გული ალმასისა დანამა,

ცრემლთა ღვარმან ღაწვნი სრულად დანამა,

აკლო ფრენაც სიხარულის დანამა,

რა ზეფირობ, ვარდი შალა, არია.

 

მო, სიკვდილო, რაღა ჰყოფნი და რასა,

ამად, რომე ნარინჯთ კარი დარა სა,

სევდამ ყარიბის გული დარასა,

ვეღარ ვგონებ, მან იხილოს არია.