რომან გოცირიძე: მმართველი გუნდი საერთაშორისო პრობლემებს შიდა სტანდარტით უყურებს

  16:57:17     29-01-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს აკრიტიკებს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საქმე ეხება ლორა ტორნტონის Facebook პოსტს, სადაც ის NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე წერდა.

"გასულ ღამეს, „იმედის“ ჟურნალისტმა პირდაპირ მკითხა, ჩასვა თუ არა NDI-მ გამოკითხვაში კითხვები შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ იმისთვის, რომ რამენაირად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ლობირება გაეწია რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპი ალბათ, რუკაზეც კი ვერ იპოვის საქართველოს, არა თუ აკვირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აქედან,“ - აღნიშნულია ლორა ტორნტონის Facebook პოსტში.

ირაკლი მეზურნიშვილის კრიტიკულ ტონს მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ NDI-ის ხელმძღვანელმა სულ მცირე ახსნა განმარტებები უნდა გააკეთოს, რის თქმა უნდოდა ამ პოსტით.

„პრესა.ჯი“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:


-თქვენი აზრით, რამდენად სწორი მოთხოვნა წამოაყენა უმრავლესობის დეპუტატმა და თავის მხრივ, რამდენად ადეკვატური იყო თავად ლორა ტორნტონი, როდესაც განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს რუკაზე ვერ ხედავს?

- უმრავლესობის რეაქცია მოჰყვა ჩვეულებრივ კომენტარს, რომელიც მიღებულია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და არავინ არავის უკრძალავს საკუთარი აზრის გამოთქმას. „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი რეაქცია ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო პრობლემებს შიდა სტანდარტით უყურებს. „ქართული ოცნება“ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ებრძვის დაწყებული პრეზიდენტის ნებისმიერი მოსაზრებიდან ოპოზიციით დამთავრებული. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ასეთ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც მეზურნიშვილმა დღეს გააკეთა, მოსდევს მმართველი პარტიისა და ქვეყნის პრესტიჟის შელახვა.

-არის თუ არა ქვეყნის პრესტიჟის საქმე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორზე და ამ დროს NDI-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო რუკაზე არ ჩანს. თქვენი ოპონენტები სწორედ ამ კუთხით აკეთებენ შეფასებას და რატომ არის გაუგებარი მათი პოზიცია?

-რადგან ლორა ტორნტონის განცხადების ასეთი ინტერპრეტაცია გაკეთდა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმდენად სწორად, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ჩანდეს.

-ანუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველო საერთაშორისო რუკაზე არ ჩანს?

-დიახ, საქართველო საერთაშორისო რუკაზე არ ჩანს, პირიქით, ამერიკა აჩენს და აიძულებს ჩვენს ქვეყანას, რომ ის ჩანდეს საერთაშორისო რუკაზე, თუნდაც იმ გადაწყვეტილებით რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიიღო. თუნდაც ერთი გადაწყვეტილება რომ ავიღოთ, რომელიც იმ ქვეყნებისთვის დაფინანსების გაუქმებას ეხება, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირს იქონიებს. ეს არის არ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა, ეს ამერიკის ხელისუფლების კეთილგანწყობა და მხარდაჭერაა საქართველოსადმი, და არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაპოვარია. ამას სერიოზული გაანალიზება სჭირდება და არა ქვების სროლა. NDI-ის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიმბოლურ გამონათქვამს და პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ. მეც ვიტყვი, რომ საქართველოს დეპუტატების 99% პარლამენტის შენობაში არა ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამ შენობაში არ დაიარებიან, მაგრამ ჩემთვის არა ჩანს.