კახა კალაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს

  12:01:39     29-01-2018

საბავშვო ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების პრობლემების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს.

"ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს. ის, რომ ჩვენ მივდივართ საკრებულოში, ვესაუბრებით და კითხვებს ვცემთ პასუხებს, არის ნორმალური პროცესი და მე ამას მივესალმები. როგორც მთავრობის წინა სხდომაზე თქვენ ნახეთ, ისინი ცდილობდნენ სპექტაკლი დაედგათ, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. მივეცით საშუალება, რომ მთავრობის სხდომაზე შემოსულიყვნენ და დასწრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და გვინდა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ, გამოვასწოროთ არსებული ვითარება და თუ ისინიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და იქნებიან კონსტრუქციულები, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმ ბაღებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი შეჩერდა, მერის თქმით, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბაღებს.

"ბაღები იყო ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენ დავიწყეთ თუ არა მუშაობა და მოგვეცა თუ არა უფლებამოსილება, დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროის შემდეგ დაიდო კვლევის შედეგი და მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ აღდგენით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა ბავშვები დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს",- აღნიშნა თბილისის მერმა.