მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ორი პირი დააკავეს

  00:25:25     29-01-2018

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მოქალაქე სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. შემთხვევა 28 იანვარს ღამით მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ყველა წესისა და კანონის დაცვით დააკავეს, თუმცა, ვიდეოში ჩანს რომ დაკავებული სამართალდამცავებისგან თავის წარდგენას და დაკავების მიზეზის განმარტებას მოითხოვს, იმავეს მოითხოვენ თვითმხილველებიც.
"მოქალაქეებს არა დაკავებულს უნდა განემარტოს უფლებები. განმარტებული ჰქონდა მას, შეიძლება ვიდეოში არ ჩანს."

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა სამართალდამცავებს ჩართული კამერები უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს ჯერ ვერ გაასაჯაროებენ და შესაძლოა მოგვიანებით გააკეთონ განცხადება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.