"ჩვენი ანტიტერორისტული დანაყოფები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ და მათ დაასწრეს ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები"

  17:29:46     26-01-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომავლო ტერორისტული ქმედებები აღკვეთეს.

„აღმოჩენილია სამალავები, აღმოჩენილია და გაშიფრულია სატელეფონო კომუნიკაცია, კომპიუტერული მონაცემები გაშიფრულია და ეს ყველაფერი კომპლექსურად ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ანტიტერორისტული დანაყოფები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ და მათ დაასწრეს ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის სკანდალურ განცხადებაზე განმარტებები უმრავლესობაში გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრები კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდებიან.

რუსლან ალდამოვის  დამცველი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულის თქმით, სპეცრაზმმა შეცდომით მის ნაცვლად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული რუსლან ალდამოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათი საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.