„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია

  09:52:27     25-01-2018

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია, მას ბრალს დღეს წარუდგენენ. 

ბოლო პერიდოში მმართველი პარტიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთ ორიგანიზატორს კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევაში ადანაშუალებენ. დაკავების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაჩხრიკა დალაქიშვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, ლარსის ქუჩაზე.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი, გასული წლის იანვარში, „კურიერთან“ მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირებების შესახებ ყვებოდა. ის აცხადებდა, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარი მთავრობის მინისტრებს თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით ებრძოდა.

გოგიტა დალაქიშვილი შსს-ში 2013 წელს დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.

მმართველი პარტიის ყოფილი მხარდამჭერი ამბობდა, რომ დამკვეთი ფულს მას შემდეგ იხდიდა, რაც უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაიზრდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა. ამ კლანის წევრებად ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის დეიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი და უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გელა ზედელაშვილი მოიაზრებოდნენ. თავად დალაქიშვილმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და აცხადებდა, რომ მას შემდეგ ყველა უწყებაში მისთვის კარი დაიხურა. თუმცა აღნიშნავდა, რომ სამინისტროებში პროვოკაციების, როგორიც იყო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი და სხვადასხვა საპროტესტო აქციის მოწყობა, სხვა პირებს დაავალეს. მათ შორის იყო „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი წევრი, ლადო სადღობელაშვილი და ზურაბ ქადაგიძე.